სასკოლო სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობა 15-ქულიანი შკალით შეფასდება

სასკოლო სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობა 15-ქულიანი შკალით შეფასდება

სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობა 15-ქულიანი შკალით შეფასდება. სახელმწიფოს მიერ მოსწავლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოების და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგადი წესის, მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ბრძანებით დამტკიცდა. მინისტრის ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე განთავსდა.

სახელმძღვანელოს თაობაზე ხელშეკრულება საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლის მშობელთან ან მის კანონიერ წარმომადგენელთან იდება.

სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობა 15-ქულიანი შკალით ფასდება. სახელმძღვანელოს მოვლის შეფასების კრიტერიუმია: ყდის მდგომარეობა, სახელმძღვანელოს სისუფთავე, სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობა. დაუზიანებელი ყდა − 5 ქულით ფასდება, უმნიშვნელოდ დაზიანებული − 4 ქულით; დაზიანებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი − 3 ქულით; მნიშვნელოვნად დაზიანებული, შიგთავსს დაცილებული − 1 ან 2 ქულა.

რაც შეეხება სახელმძღვანელოს სისუფთავეს, შეფასების კრიტერიუმი ასეთია: სახელმძღვანელო მარკირების გარეშე − 5 ქულა; უმნიშვნელოდ მარკირებული − 4 ქულა; მარკირებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი − 3 ქულა; მნიშვნელოვნად მარკირებული, სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად გამოუსადეგარი − 0 ქულა. ხოლო სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობა ასე შეფასდება: დაუზიანებელი − 5 ქულა; უმნიშვნელოდ დაზიანებული − 4 ქულა; დაზიანებული, მაგრამ სასწავლო პროცესში გამოყენებადი − 3 ქულა; დახეული, არ იკითხება შინაარსი და სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად გამოუსადეგარი − 0 ქულა.

განათლების მინისტრის ბრაძანებით, მოსწავლეს გამოსაყენებლად შეიძლება გადაეცეს არანაკლებ 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო. ხოლო, სახელმძღვანელო, რომლის მოვლა-პატრონობის შეფასების ქულა შეადგენს 8-ს და ნაკლებს, გამოსაყენებლად გამოუსადეგარია.

მოსწავლე ვალდებულია, სახელმძღვანელოები გამოიყენოს მხოლოდ სასწავლო პროცესის მიზნებისათვის; არ გადასცეს სახელმძღვანელო მესამე პირებს; უზრუნველყოს სახელმძღვანელოს მთლიანობის დაცვა; გაუფრთხილდეს სახელმძღვანელოებს: არ დააზიანოს, არ ჩაკეცოს ფურცლები, არ გააკეთოს მინაწერები და სხვა.

მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი კი ვალდებულია, რომ უზრუნველყოს მოსწავლის მიერ სახელმძღვანელოების გამოყენება მხოლოდ სასწავლო პროცესის მიზნებისათვის და სახელმძღვანელოების სათანადო მოვლა-პატრონობა; არ დაუშვას მოსწავლის, ასევე ნებისმიერი პირის მიერ სახელმძღვანელოების გადაცემა მესამე პირებისათვის; სახელმძღვანელოს მიღების დროს გადაათვალიეროს ისინი და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისად საჯარო ან კერძო სკოლას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზიანებულ სახელმძღვანელოზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს; ელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისთანავე, ასევე მოსწავლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობის განხორციელების ან მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში სკოლას დაუბრუნოს სახელმძღვანელოები ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შკალის მიხედვით არაუმეტეს 3 ქულით გაუარესებულ მდგომარეობაში.

მშობელის მიერ აღნიშნულის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, იგი ვალდებულია, ჩაანაცვლოს სახელმძღვანელო "იდენტური შინაარსისა და რედაქციის სახელმძღვანელოთი". ამ ვალდებულებისგან მშობელი შესაძლოა, მხოლოდ "ობიექტური გარემოების არსებობისას" გათავისუფლდეს.

16 სექტემბრიდან, საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და კერძო სკოლების მოსწავლეთა გარკვეულ კატეგორიას (აგვისტოს ომში დაღუპულთა შვილები, სოციალურად დაუცველები) სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ.