წელს ჩაის მოსავალი შესაძლოა 30%-ით შემცირდეს

წელს ჩაის მოსავალი შესაძლოა 30%-ით შემცირდეს

„დარგს არ აქვს ხელშეწყობა და ვერ ვითარდება“

გაზეთ „ბიზნეს–რეზონანსის“ მასალები

უამინდობამ დასავლეთ საქართველოში მეჩაიეობის დარგს სერიოზული პრობლემა შეუქმნა, რაც საბოლოოდ მოსავლის რაოდენობაზე ცუდად აისახება. ამის შესახებ გაზეთი „ბიზნეს–რეზონანსი“ წერს და აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, ჩაის მოსავალი 30%-ით შემცირდეს, სავარაუდოდ, 2300 ტონამდე. შარშან ამ მაჩვენებელმა 3500 ტონა შეადგინა.

ჩაის ასოციაციის ხელმძღვანელის, თენგიზ სვანიძის განცხადებით, დარგის მიმართ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევა ჯერჯერობით პლანტაციების აღწერით შემოიფარგლა.

უწყებაში მეჩაიეობის სფეროში არსებული მდგომარეობით კი დაინტერესდნენ, მაგრამ კონკრეტული ღონისძიებების გატარება არ დაუწყიათ. ჯერჯერობით არც არის ცნობილი, რა იგეგმება ამ მიმართულებით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მომზადდება მეჩაიეობის განვითარების სტრატეგია და ქმედითი ნაბიჯები მხოლოდ ამის შემდეგ გადაიდგმება.

„ამ ეტაპზე შექმნილია პირველადი სამსახური, რომელსაც ჩაის ნაკვეთების შესწავლა დაევალა. არაოფიციალურ დონეზე, წარმოდგენა მაინც რომ შეგვქმნოდა, აღწერა გაკეთდა. კომისიის წევრებს რაიონებიდან მიეწოდა ინფორმაცია ჩაის ნაკვეთების შესახებ - რამდენ ჰექტარზეა ჩაი და აქედან რამდენია უპერსპექტივო ნაკვეთები.

ჩვენი ინფორმაციით, 2 000 ჰექტარზე ჩაი ფოთოლსაკრეფ მდგომარეობაშია, ხოლო 5 000 ჰექტარი უპერსპექტივოა. ახლა შემუშავდება სტრატეგია და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ მოსამზადებელ სამუშაოებს. პირველ რიგში კი, ინვენტარიზაციაჩატარდება“, - აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოში მცირე და საშუალო სიმძლავრის 19-მდე ჩაის ფაბრიკა მოქმედებს. მოწეული მოსავლის უდიდესი ნაწილი - 80 პროცენტზე მეტი - ექსპორტზე გადის. მას ადგილობრივი ბაზრის მხოლოდ 15-20 პროცენტი უკავია.

ქართული კომპანიებიდან ადგილობრივ საცალო ქსელში ლიდერობენ: „გურიელი“ (ჯეოპლანტი), “სამაია“, მარნეულისა და ტყიბულის ჩაი.

სხვადასხვა ხარისხის 1 კგ ქართული ჩაის ფასი 1.5 დოლარიდან 5-8 დოლარამდეა. 2012 წლამდე მოსავალი 3500 ტონას არ აჭარბებდა, წლეულს კი, სავარაუდოდ, 2300 ტანამდე შემცირდება.

ჩაის ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დარგს არ აქვს ხელშეწყობა და ვერ ვითარდება.

„პრობლემებს უამინდობას ვერ მივაწერთ, ჩაი ამ მხრივ პრეტენზიული მცენარე არ არის. ტემპერატურის გავლენა მასზე ნაკლებად აისახება.

შეიძლება ითქვას, ჩაისთვის ყოველთვის კარგი ამინდია. უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა, რომ ჩაის უნდა კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ამინდი. სხვა ხელისშემშლელ მიზეზს მოსავლიანობის ამაღლების მხრივ პირადად მე ვერ ვხედავ.

ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია ჯგუფი, რომელსაც უნდა შეემუშავებინა ჩაის განვითარების სტრატეგია. გარკვეული სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ არ ვიცით, რას აპირებს.

ხელისუფლებას არსებული პრობლემის დასაძლევად. ვფიქრობ, ამისთვის “შეღავათიანი აგროსესხის“ პროექტი დადებითად იმოქმედებს და მეწარმეს მეტი სტიმული მიეცემა.

მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა თუ არ იქნა, დარგი კიდევ უფრო განადგურდება. მოსავლიანობის ამსახველი ციფრი ისედაც დაბალია, მაგრამ თუ კიდევ უფრო დაიწევს, დარგი აღარ იარსებებს. 5 ფირმაა საქართველოში, რომელსაც აქვს ჩაის პლანტაცია და ფაბრიკა, დანარჩენი თითქმის აღარაფერია. შაგრენის ტყავივით პატარავდება მათი რიცხვი. რეალურად არაფერი კეთდება, რომ ნამდვილი ქართული ჩაი ვაწარმოოთ“, - ამბობს თენგიზ სვანიძე.

მოსავლის შემცირებაზე საუბრობს ანასეულის ჩაის ფაბრიკის დირექტორიც. გია ხუჭუას თქმით, მთელი ივნის-ივლისი წვიმიანი იყო, რის გამოც ადამიანებს პლანტაციებში მუშაობის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ხუჭუა ამბობს, რომ ამინდმა შესაბამისი გავლენა ხარისხზეც მოახდინა, რის გამოც პროდუქციის ექსპორტი, სავარაუდოდ, გაჭირდება.

„ალბათ არ განახევრდება, მაგრამ მოსავალი მნიშვნელოვნად დაიკლებს. ჩემი აზრით, რეგიონში ჩაის მოსავალი მინიმუმ 30%-ით შემცირდება. ჩვენ, საშუალოდ 800 ტონას ვიღებთ. ისედაც მიზერული რაოდენობაა და წლეულს კიდევ უფრო ნაკლები იქნება.

საქართველოს მასშტაბით, ცუდმოსავლიანი წელია. სამწუხაროდ, გვექნება ხარისხის პრობლემაც. ხელშეკრულება შუა აზიასთან გვაქვს დადებული, მწვანე ჩაის ვაწვდით. ცხადია, ექსპორტის მხრივაც გაგვიჭირდება. დიდი სიძნელეების დაძლევა მოგვიწევს“, -აცხადებს გია ხუჭუა.

მისი ინფორმაციით, ადრე ჩაის პლანტაციებს მარტო ოზურგეთის რაიონში 38 ათასი ჰექტარი ეკავა. ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი, მინიმუმ, განახევრებულია.