ფინანსურად წამგებიან კლინიკებს მართვაში მუნიციპალიტეტები აიღებენ

ფინანსურად წამგებიან კლინიკებს მართვაში მუნიციპალიტეტები აიღებენ

არამომგებიანი კლინიკების მართვას სახელმწიფო თავის თავზე იღებს და მზადაა, რეგიონებში მდებარე, ბიზნესისთვის წამგებიანი სამედიცინო დაწესებულებები სამართავად მუნიციპალიტეტებს გადასცეს.

როგორც commersant.ge-ს სახელმწიფო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლაშა ნიკოლაძემ განუცხადა, მთიან რეგიონებში არსებული კლინიკები კერძო სექტორისთვის არამომგებიანია და ამიტომ მათ აღნიშნული კლინიკების სახელმწიფოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს.

„არის რეგიონები, სადაც, მაგალითად თვეში მხოლოდ სამი მშობიარობა ხდება. ასეთ პირობებში მუშაობა კი კერძო სექტორისთვის არამომგებიანია. მუნიციპალიტეტებს ამ სერვისის შენარჩუნება სურთ და მზად არიან ეს კლინიკები საკუთარ მმართველობაში აიღონ,“ – აცხადებს ნიკოლაძე.

მისივე თქმით, სახელმწიფო მთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო სერვისის გარეშე ვერ დატოვებს.

შეგახსენებთ: კომპანია „ადითის“ მართვის ქვეშ მყოფ კლინიკებთან ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს უკვეა აწარმოებს.

რამდენად ეფექტური მმართველი შეიძლება იყოს სახელმწიფო კლინიკისთვის? ექსპერტ ლევან კალანდაძის განცხადებით, სახელმწიფო, როგორც წესი, ცუდი მმართველია და ის ჯანდაცვის სისტემაში კორუფციას და პაციენტის მიერ „ჯიბიდან გადახდის“ პრაქტიკას დანერგავს.

„ნამდვილად არ არის წამგებიანი რეგიონებში კლინიკები, ჩვენ ამ კუთხით სწორი, დასავლური სისტემა გვქონდა, თუმცა ახლა სოციალისტურ პრინციპებზე დამყარებულ სისტემაზე გადავიდივართ,“ – აცხადებს კალანდაძე.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, რამდენიმე წელიწადში მოსახლეობის მხრიდან პრეტენზიები გახშირდება, რადგან სახელმწიფო მის მართვაში არსებულ კლინიკებში თანამედროვე ტექნოლოგიებს ვერ დანერგავს და მომსახურების ხარისხის მხრივ პრობლემები შეიქმნება.