საზოგადოებრივი მაუწყებელი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

საზოგადოებრივი მაუწყებელი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებელი გააკრიტა. 

"საქმე ეხება 2013 წლის 8 აგვისტოს გასულ ინტერვიუს, სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის დეტალებს იხსენებდა. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, პირველმა არხმა ინტერვიუ უხეშად დაამონტაჟა და ამოიღო ყველა ის ეპიზოდი, "რასაც შეიძლებოდა წყენა გამოეწვია ბატონ მედვედევსა და პუტინში".

საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას, რომ პრეზიდენტთან ინტერვიუს ჩაწერის ინიციატორი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური გახლდათ. პრეზიდენტის პრესსამსახურთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ ჟურნალისტს ეძლეოდა ინტერვიუსთვის 15 წუთი, რაც არხმა საეთერო ზოლში გაითვალისწინა კიდეც, თუმცა საბოლოოდ ეთერში გასულმა მასალამ 25 წუთით გადააჭარბა წინასწარ დადგენილ ქრონომეტრაჟს, ამრიგად, ინტერვიუში მოხვდა ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი ასპექტი," – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადებაში დაინტერესებულ პირებს შესთავაზა ამონარიდი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსიდან": ,,ინტერვიუების, ჩაწერილი მასალის, მათ შორის, საარქივო მასალის რედაქტირებისას მაუწყებელმა არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა ან არ უნდა მოახდინოს სხვა სახით აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა ვიზუალური ან აუდიო მანიპულაციებით, დასმული კითხვების მნიშვნელობის შეცვლით ან კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრების გამოყენებით". ამასთან ,,მაუწყებლის ქცევის კოდექსის" საფუძველზე ინტერვიუების რედაქტირების/მონტაჟის დროს უნდა დაიცვას შემდეგი წესები:

არ შეცვალოთ კითხვებისა და პასუხების თავდაპირველი აზრი ან მთელი ინტერვიუს საერთო არსი;

ერთ კონტექსტში დასმულ კითხვაზე გაცემული პასუხები არ გამოიყენოთ სხვა კონტექსტში;

ერთ კითხვაზე გაცემული პასუხი არ გამოიყენოთ სხვა კითხვის პასუხად;

არ შეცვალოთ ან დაამახინჯოთ კითხვა და არც ახალი კითხვა ჩაამატოთ;

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 8 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეთერში გასვლის დროს ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" არც ერთი პუნქტი არ დარღვეულა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს და სახელმწიფო მოხელეებს თავი აარიდონ მაუწყებლის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის. ამასთან მაუწყებელი მზადაა მოისმინოს და გაითვალისწინოს არგუმენტირებული, კომპეტენტური და სამართლიანი კრიტიკა", - ნათქვამია მაუწყებლის განცხაებაში.