თელავში ბატონის ციხის კონსერვაციის გეგმაზე მიმდინარე სამუშაოების პირველი ეტაპის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება

თელავში ბატონის ციხის კონსერვაციის გეგმაზე მიმდინარე სამუშაოების პირველი ეტაპის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება

თელავში, ერეკლე მეორის სასახლის საელჩო დარბაზში ხვალ, თელაველებისთვის, ბატონის ციხის კონსერვაციის გეგმაზე მიმდინარე სამუშაოების პირველი ეტაპის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. 

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას ბატონის ციხის კომპლექსზე განსახორციელებელი სამუშაოების პროექტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისა და თელავის ბატონის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტის დირექტორი მაკა დვალიშვილი, პროექტის კონსერვაციის კონცეფციის ავტორი ნატო ცინცაბაძე და კონსერვაციის გეგმაზე მომუშავე სპეციალისტები წარუდგენენ.

დელეგაცია, თელავის გამგებელ გივი მეტრეველთან, საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძესთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, თელავის ბატონის ციხესაც ესტუმრება და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

ბატონის ციხე თელავში განსაკუთრებული მნიშვნელობის კომპლექსურ ძეგლს წარმოადგენს. 2010–2012 წლებში თელავის ბატონის ციხეზე ჩატარებულმა სამუშაოებმა ხუროთმოძღვრული კომპლექსი მნიშვნელოვნად დააზინა; ძეგლის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობდა.

კომპლექსური ძეგლის ქსოვილში შეტანილი უხეში ცვლილებების გამოსწორებისა და შექმნილი მდგომარეობის ძეგლთა დაცვით პრინციპებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, აუცილებელია, დამუშავდეს თელავის ბატონის ციხის კომპლექსის კონსერვაციის გეგმა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, თელავის ბატონის ციხის კომპლექსის კონსერვაციის გეგმის შექმნაზე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი მუშაობს. პროექტს აფინანსებს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. დოკუმენტი წლის ბოლომდე მომზადდება, რის შემდეგაც, ისტორიული მნიშვნელობის არეალში ბატონის ციხის კომპლექსის განვითარება კანონის დაცვით განახლდება. ასევე, სპეციალისტების მიერ შემუშავებული იქნება დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად იქნება წარმოდგენილი: სახელოვნებათმცოდნეო კვლევის, გრაფიკული და ფოტო-ფიქსაციის, არქეოლოგიური და საინჟინრო დასკვნების, ძეგლის კონსერვაციის და სოციოლოგიური კვლევის მასალები, ინტერდისციპლინარული კვლევის ანალიზი და ძეგლის სარეაბილიტაციო სახელმძღვანელო პრინციპები.

თელავის ბატონის ციხის კომპლექსი მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ, სხვადასხვა პერიოდისა და ფუნქციის ნაგებობებს; მათ შორის, XVII - XVIII საუკუნეების გალავანს, XVII - XVIII საუკუნეების კარის მცირე ეკლესიას, XVII - XVIII საუკუნეების სობოროს, XVII - XVIII საუკუნეების საზარბაზნე კოშკს, XIX საუკუნის შუა წლების "სახაზინო სახლს" (სტატუსი მოეხსნა 2012 წელს და ამჟამად დანგრეულია), XVII-XVIII საუკუნეების წმიდა ნინოს ყოფილ სასწავლებელს (ამჟამად დანგრეულია), XVIII-XIX საუკუნეების სკოლას, XVIII საუკუნის აბანოს და XIX საუკუნის სამხატვრო გალერეას (ამჟამად დანგრეულია).

თელავის საზოგადოებას, თელავის ისტორიული მუზეუმის ახალი კონცეფცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 26 აპრილს წარედგინა. ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა მსჯელობა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბატონის ციხის კომპლექსის კრიზისული ვითარებიდან გამოყვანის მიზნით, განხილულ იქნა მუზეუმის კონცეფცია, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ტექნიკური დავალება არსებული მშენებარე ნაგებობის ადაპტაციისათვის.