"მე-9 არხისა" და "ინფო 9-ის" გადარჩენის სამოქალაქო კომიტეტის" დამფუძნებელი შეკრება 23 აგვისტოს გაიმართება

ტელეკომპანია "მე-9 არხისა" და საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9-ის" გადარჩენის სამოქალაქო კომიტეტის" დამფუძნებელი შეკრება 23 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ ცნობილი დღეს უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილისა და პუბლიცისტ ირაკლი კაკაბაძის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა.

მათი თქმით, "მე-9 არხისა" და "ინფო 9-ის" დახურვა მნიშვნელოვან დარტმას მიაყენებს მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხს საქართველოში, ასევე არანაკლები რისკის შემცველია ამ საინფორმაციო საშუალებების ერთი კონკრეტული, უაღრესად მძიმე რეპუტაციის მქონე ოლიგარქისთვის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის გადაცემა, რის შესახებაც მათ წინასწარი ინფორმაცია გააჩნიათ.

როგორც ჩხარტიშვილმა და კაკაბაძემ აღნიშნეს, "მე-9 არხისა" და "ინფო 9-ის", როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალებების დაკარგვის საფრთხის უაღრესად მაღალი ალბათობის არსებობის გამო მათ მიიღეს გადაწყვეტილება შეექმნათ "მე-9 არხისა" და "ინფო 9-ის" გადარჩენის სამოქალაქო კომიტეტი", რომელშიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უფლებადამცველები და აქტიური მოქალაქეები არიან გაწევრიანებულები.

აღნიშნული კომიტეტის სახელით ისინი გამოვიდნენ ინიციატივით, რომ "მე-9 არხი" და "ინფო 9" გარკვეული თანხის სანაცვლოდ საზოგადოებას გადაეცეს, რის შემდეგაც იგი სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნება, რომლის აქციებს საქართველოს მოქალაქეები შეისყიდიან, ხოლო მისი მმართველი საბჭო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ფართო კონსენსუსის შედეგად შერჩეული მექანიზმით იქნება არჩეული. თანხის შეგროვება კი "მე-9 არხისა" და "ინფო 9-ის" გადარჩენის სამოქალაქო კომიტეტის" მიერ ამ მიზნით დაფუძნებული სპეციალური ფონდის მეშვეობით მოხდება.

ლაშა ჩხარტიშვილმა პრემიერ-მინისტრს მიმართა წინადადებით, დაასახელოს კონკრეტული თანხა, რომლის სანაცვლოდ ის მზად იქნება გაასხვისოს "მე-9 არხი" და "ინფო 9", რათა მათ შეეძლოთ დაიწყონ აღნიშნული ფონდის ეგიდით ამ საინფორმაციო საშუალებების გადარჩენისა და მათი დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მსურველი მოქალაქეებისგან შემოწირულობათა შეგროვება.

აქვე მან მადლობა გადაუხადა "მე-9 არხისა" და "ინფო 9-ის" ყველა ჟურნალისტს, ოპერატორსა და სხვა თანამშრომლს, მათ მიერ უმძიმეს პერიოდში, თავგანწირული მუშაობისათვის და განაცხადა, რომ ამ საინფორმაციო საშუალებების საზოგადოებისთვის გადაცემის შემთხვევაში მათ უნდა შეუნარჩუნდეთ სამუშაო ადგილები.

ბრიფინგის დასასრულს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ "მე-9 არხისა" და "ინფო 9-ის" გადარჩენის სამოქალაქო კომიტეტის" დამფუძნებელი შეკრება 23 აგვისტოს, 15:00 საათზე, სასტუმრო "ვარაზში" გაიმართება.