ლუბა ელიაშვილს ვასილ მაღლაფერიძის ინიციატივა არასერიოზულად ეჩვენება

ლუბა ელიაშვილს ვასილ მაღლაფერიძის ინიციატივა არასერიოზულად ეჩვენება

ტელეკომპანია "მე-9 არხის" გენერალურ დირექტორს ლუბა ელიაშვილს პუბლიცისტ ვასილ მაღლაფერიძის ინიციატივა, არხის შესყიდვის მიზნით სააქციო საზოგადოების შექმნის თაობაზე, არასერიოზულად ეჩვენება.

როგორც ლუბა ელიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიის სპეციფიკა და ფასი არ იცის.

"ზუსტად ისეთივე არასერიოზული მეჩვენება ეს ამბავი, როგორც პრეზიდენტის მიერ "მე-9 არხთან" დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზია არ იცის. ცოტა ხანი მუშაობდა ტელევიზიაში წამყვანად. არასდროს უმუშავია ტელევიზიაში დასაწყისიდან ბოლომდე, არ იცის ტელევიზიის სპეციფიკა, არ იცის ტელევიზიის ფასი, ამიტომ ძალიან იოლად წარმოუდგენია, რომ შეიკრიბება 2000, 3000, 4000, 10 000 ადამიანი და შეინახავს ტელევიზიას. მე მგონია, ეს ასე ვერ იქნება", - აღნიშნა ლუბა ელიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის "მე-9 არხის" საბაზრო ღირებულების დაანგარიშება მიმდინარეობს. ელიაშვილის განცხადებით, გადახდილი არის 47 მილიონი დოლარი.

"მე-9 არხის" გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ტელეკომპანია "მე-9 არხის" შესყიდვის მიზნით სააქციო საზოგადოების შექმნას აპირებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ვასილ მაღლაფერიძემ განუცხადა, ბიძინა ივანიშვილს ტელევიზია გარკვეულ უხერხულობას უქმნიდა, რადგან ის არის პრემიერ-მინისტრი და ამავე დროს მისი ოჯახის მფლობელობაში იყო მედიასაშუალება.

"დეტალები არ ვიცოდით, რომ ის სამი თვეა იყიდებოდა. ეს საზოგადოებამ გუშინ შეიტყო. საზოგადოება ამას გაგებით შეხვდა და ჩათვალა, რომ ეს დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომ პრემიერი უარს ამბობს მედიასაშუალებაზე. ამავე დროს გაჩნდა აზრი, რომელიც ძალიან მალე ბევრმა ადამიანმ აიტაცა და უნდა ითქვას, რომ 2 ათასამდე ადამიანია ჩართული ამ პროცესში, ამ ადამიანებმა თქვეს, რომ ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ ფინანსური პასუხისმგებლობა ვიყიდოთ ეს ტელევიზია. ეს იყო პასუხი ბიძინა ივანიშვილის გამოწვევაზე საზოგადოების მიმართ", – აცხადებს მაღლაფერიძე.

მისივე თქმით, საზოგადოება იყიდის ტელევიზიას და ის არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული.

მაღლაფერიძის ინფორმაციით, ამ სააქციო საზოგადოებას ეყოლება გამგეობა, რომელიც დირექტორს დანიშნავს.

"ამით ერთი მხრივ, შენარჩუნებული იქნება ჟურნალისტთა არსებული კორპუსი, რაც მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევარი. ეს იქნება კარგი ნაბიჯი იმისკენ, რომ პრემიერი გათავისუფლდეს ტელევიზიისგან და კიდევ უფრო კარგი ნაბიჯი იქნება ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზიის შესაქმნელად," – აღნიშნა მაღლაფერიძემ. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ტელევიზია გახდება საზოგადოების საკუთრება, ის იქნება პოლიტიკური პროცესებისგან დამოუკიდებელი.