ზაზა ფირალიშვილი:  ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი განიარაღებული დატოვა

ზაზა ფირალიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი განიარაღებული დატოვა

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, "მეცხრე არხის" გაყიდვით, "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნოდ განიარაღებული დატოვა. ასე აფასებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილის გადაწყვეტილებას "მე-9 არხის" დახურვის შესახებ. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზაზა ფირალიშვილმა განუცხადა, ბიძინა ივანიშვილმა საინტერესო ნაბიჯი გადადგა, რითაც დასავლეთის ყურადღებასაც მიიპყრობს.

"როდესაც სატელევიზიო ბაზარი ძალიან მცირეა საქართველოში, როდესაც ტელევიზიები დამოკიდებული არიან სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიეტქებზე, უკეთეს შემთხვევაში - ბიზნესსუბიექტებზე. ეჭვი მეპარება, ამან რეალური შედეგი გამოიღოს საერთო სურათის თვალსაზრისით, რადგან ტელევიზიები იყვნენ და რჩებიან გარკვეულ გავლენების ქვეშ. არა მგონია, ამან შიდა ბაზარზე შეცვალოს ვითარება", - აცხადებს ფირალიშვილი.

მისივე განმარტებით, ამ ვითარებაში შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანია გართულდეს.

"მე აქ ერთი რამე მაფიქრებს - პრემიერმა, აღნიშნული გადაწყვეტილებით, წინასაარჩევნო პერიოდში განიარაღებული დატოვა საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს იყო ის ტელევიზია, რომელიც ასოცირდებოდა "ქართულ ოცნებასთან". ამ ვითარებაში მარგველაშვილისთვის შეიძლება, გარკვეულწილად, მაინც გართულდეს ეს არჩევნები," – აღნიშნა ზაზა ფირალიშვილმა.