ლუბა ელიაშვილი:  პრეზიდენტის მხრიდან მორიგი არასერიოზული განცხადება რასაკვირველია, სისულელეა

ლუბა ელიაშვილი: პრეზიდენტის მხრიდან მორიგი არასერიოზული განცხადება რასაკვირველია, სისულელეა

პრეზიდენტი იმდენ არასერიოზულ განცხადებას ავრცელებს და იმდენ რაღაცას იგონებს, რომ კიდევ ერთი გამოიგონა, - ასე შეაფასა ტელეკომპანია "მე-9 არხთან" დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არხის გენერალურმა დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული განცხადება სისულელეა.

"პრეზიდენტის მხრიდან მორიგი არასერიოზული განცხადება რასაკვირველია, სისულელეა. პრეზიდენტი იმდენ არასერიოზულ განცხადებას ავრცელებს და იმდენ რაღაცას იგონებს, რომ კიდევ ერთი გამოიგონა. ცოტა შორს რომ წავიდეთ, შეიძლება დაწეროს, რომ ლუბა დედ-მამამ იმიტომ გააჩნა, მერე "ინფო 9" შეექმნა, "მე-9 არხის" დირექტორი გამხდარიყო, იქ ემუშავა და ჩვენთვის დედა ეტირებინაო", - განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "მე-9 არხი" იყო ერთი კონკრეტული რეჟისორის, ვლადიმერ ბედუკაძის გადაღებული ფილმის გასაშვებად შექმნილი არხი.

"არ უნდა ეწყინოთ "მე-9 არხის" თანამშრომლებს, ისინი გამოიყენეს იმისთვის, რისთვისაც გამოიყენეს და მერე ჩვეულებრივად გვერდით ჩასწირეს", -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

სააკაშვილის განცხადებით, ის "მე-9 არხს" არ მისტირის, თუმცა აღნიშნავს, რომ დამატებით ერთი არხის დახურვა, ცუდია.