"დილას” ვენაში გამგებელი გაჰყვა

19 აგვისტოს მიუნხენის გავლით გორის „დილა“ ვენაში ჩავიდა და ქალაქის მახლობლად მდებარე სასტუმრო „ვიენტალში“ დაბინავდა. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, გუნდს, მხოლოდ, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე ახლავს.

,,იმ 4 კაციანი დელეგაციიდან, რომელიც გუნდს წინა თამაშებზე დანიაში ახლდა, მხოლოდ გამგებელი წავიდა. დელეგაციაში აღარ არიან მაჟორიტარი დეპუტატი და გამგეობის სხვა თანამშრომლები” – გვითხრა გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ციცო ორჯონიკიძემ.

22 აგვისტოს უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში „დილა“ ავსტრიულ „რაპიდს“ დაუპირისპირდება, ხოლო 25 აგვისტოს კალენდარული შეხვედრა ქუთაისში ტორპედოსთან უწევს.

გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი გვეუბნება, რომ დანიაში მისი გამგზავრება კლუბის მიერ მოგებული თანხით დაფინანსდა და არა ბიუჯეტის ხარჯებით.

ჯერ-ჯერობით, ხარჯების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხელთ არა აქვს. გორის ,,დილას” ბუღალტერი გვეუბნებოდა, რომ გუნდი როცა დაბრუნდება ევროპიდან, დოკუმენტებს მაშინ გაამზადებს.