მიხეილ სააკაშვილი:   რასაც მე ვაკეთებ იმას ემსახურება, რომ ზარალი, რაც ამნისტიამ მოიტანა, შევამციროთ

მიხეილ სააკაშვილი: რასაც მე ვაკეთებ იმას ემსახურება, რომ ზარალი, რაც ამნისტიამ მოიტანა, შევამციროთ

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მის ინიციატივას მოეხსნას ნასამართლობა და პირობითი მსჯავრი გარკვეული კატეგორიის პირებს, არაფერი კავშირი არ აქვს იმ ფართომასშტაბიან ამნისტიასთან, რომელიც პარლამენტმა ჩაატარა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, ის მაშინაც იყო და ახლაც კატეგორიული წინააღმდეგია "ხელაღებით ამნისტიის".

"მე მიმაჩნდა, რომ ციხეში გვყავდა უფრო მეტი პატიმარი, ვიდრე უნდა გვყოლოდა და წინა მთავრობის პირობებშიც ვახორციელებდით ღონისძიებებს, რომ დაგვეწყო ციხეების დაცლა, პრობაცია გაგვეფართოვებინა, რაღაც ღია ტიპის დაწესებულებები შეგვექმნა. მაგრამ, მეორე მხრივ, ციხეების დაცლა, რომელიც საქართველოს მთავრობამ, პირადად პრემიერმა ივანიშვილმა გააკეთა, როდესაც გამოუშვა ამ რაოდენობის ხალხი, ძალიან მძიმე შედეგების მოტანა დაიწყო. ის, რასაც მე ვაკეთებ ემსახურება იმას, რომ ის ზარალი, რაც ამ ამნისტიამ მოიტანა, შევამციროთ. საქმე ეხება გამოშვებული ადამიანების რესოციალიზაციას. დღეს, ნასამართლობა ითვალისწინებს მთელ რიგ შეზღუდვებს საჯარო სამსახურებში, კერძო სეტქორში დასაქმების კუთხით. ისედაც, იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა რთულ ვითარებაშია, უმუშევრობა მკვეთრად იზრდება, გარეთ გამოვუშვით ხალხი, რომელთაც ერთადერთი გზა დავუტოვეთ მხოლოდ, რომ ჩაიდინონ ხელახლა დანაშაული და დაბრუნდნენ უკან, ციხეში. ის, რასაც მე ვაკეთებ, არის რესოციალიზაცია და ამ ხალხისთვის შანსიის მიცემა, რომ აღარ დაუბრუნდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას.

მე, არ მგონია, ეს იყოს პანაცეა, მე არ მაქვს ილუზია, დიდ ნაწილს ჩვენ იმას ვერ გადავარჩენთ, რომ რაღაც შარში არ გაეხვნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, უნდა ვცადოთ", - განაცხადა სააკაშვილმა.