მოქალაქეთა ჯგუფი ბიძინა ივანიშვილს

მოქალაქეთა ჯგუფი ბიძინა ივანიშვილს "მე-9 არხის" შესყიდვის მიზნით მიმართავს

მოქალაქეთა ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს "მე-9 არხის" შესყიდვის მიზნით მიმართავს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც სოციალური ქსელის მეშვეობით მას შემდეგ გაერთიანდნენ, რაც "მე-9 არხის" დახურვის შესახებ გახდა ცნობილი, პრემიერ-მინისტრს პროექტს სთავაზობენ. 

"მოქალაქეთა ჯგუფი მას შემდეგ გავერთიანდით, რაც მოვისმინეთ თქვენი გადაწყვეტილება "მე-9 არხის" დახურვის შესახებ და რომ მზად ხართ, იგი მესამედ ფასად დაუთმოთ შესაფერის მყიდველს.
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს გადაწყვეტილებას - ის რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს ტელევიზიის ფლობაზე, რასაკვირველია, დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ, ამავე დროს, გვაწუხებს ის პერსპექტივა, რომ მედიასივრცეს გამოკლდება ერთი არხი და ძალიან ბევრი ჟურნალისტი უმუშევრი დარჩება.

იმ შემთხვევაშიც კი თუ არხი გაიყიდება, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, არსებობს რეალური საფრთხე, რომ გარკვეული ჯგუფი ეცდება ამ არხის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, რისი მოწმენიც არა ერთხელ ვყოფილვართ.

სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ სააქციო საზოგადოება და გთხოვოთ, რომ მოგვყიდოთ "მე-9 არხი".

თქვენ გათავისუფლდებით იმ უნებლიე უხერხულობისგან, რასაც არხის ფლობა გიქმნით. ჟურნალისტები შეინარჩუნებენ სამსახურს და გააგრძელებენ მუშაობას დამოუკიდებელ არხზე. არხი გახდება ფორმით და შინაარსით საზოგადოებრივი და დაზღვეული იქნება პოლიტიკური კონიუნქტურისგან. თავიდან ავიცილებთ ამ არხის რომელიმე კერძო პირის მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფრთხეს.

გთხოვთ განიხილოთ ჩვენი წინადადება, იმედს გამოვთქვამთ, რომ გამონახავთ დროს და შეგვხვდებით პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით გვამცნობთ თქვენს მოთხოვნებს და პირობებს," – აღნიშნულია მიმართავში.

"მე-9 არხის" ყიდვის მსურველთა ჯგუფში, ამჟამად 3000-ზე მეტი მოქალაქე შედის და ჯგუფის წევრთა რაოდენობა განუწყვეტლივ იმატებს.