"დემოკრატიულ მოძრაობას" "ქართული ოცნების" თელავის ორგანიზაციის ყოფილი წევრები შეუერთდნენ

კოალიაცია "ქართული ოცნების" თელავის ორგანიზაციის რიგები ერთმა ნაწილმა დატოვა და "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" საარჩევნო შტაბში გაწევრიანდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსთან", "ქართული ოცნებიდან" წასული აქტივისტები აცხადებენ, კოალიციამ მათი იმედები ვერ გაამართლა.

"ამაზრზენია კრიმინალებთან კოჰაბიტაცია, ამის გამო არ დაგვიჭერია მხარი "ქართული ოცნებისთვის". მე და ჩემმა ოჯახმა მომავალი სასწორზე დავდეთ, ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად, მისი მთავრობა კი "ნაციონალებთან" გარიგებაში შევიდა, რის გამოც, დავტოვე "ოცნება" და ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბს შევუერთდი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძის პარტიაში გადასულმა ახალმა წევრმა, ჯუმბერ დარჩიაშვილმა.

ნინო ბურჯანაძემ, დღეს კახეთში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და თელავის რაიონის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.