"მე-9 არხთან" დაკავშირებულმა გადაწყვეტილებამ დამარწმუნა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს

"მე-9 არხთან" დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ დამარწმუნა, რომ პრემიერ-მინისტრი პოლიტიკიდან წასვლას მართლა აპირებს , - ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლაშა ტუღუშის თქმით, ლოგიკურია პოზიცია, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში ივანიშვილს ტელევიზიის მფლობელობა დისკომფორტს არ შეუქმნიდა, თუმცა მის გადაწყვეტილებაში მთავარი როლი საპრეზიდენტო არჩევნების ფაქტორმა შეასრულა.

"აქ ორი ლოგიკაა, ერთი რომ თუ მიდიხარ, ეს ლოგიკაც გასაგებია, მაგრამ შუაში არის საპრეზიდენტო არჩევნები. ამიტომ მას კარგი შესაძლებლობა გაუჩნდა დანაპირები შეესრულებინა და მან პრაქტიკულად უარი თქვა იმ პოლიტიკურ ინსტრუმენტზე, რომელიც გააჩნდა. ამ გადაწყვეტილებამ დამარწმუნა, რომ ის მართლა მიდის პოლიტიკიდან, თუმცა მიმაჩნია, რომ მისი წასვლა არ არის მისაღები და გასაგები. ვფიქრობ, რომ უნდა დარჩეს პოლიტიკაში. მას მისცეს ხმა გარკვეული დროით და არა საპრეზიდენტო არჩევნებმდე" , - განაცხადა ტუღუშმა.

გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა დღეს ჟურნალისტებთან არხის დახურვის პოლიტიკურ მხარეზეც ისაუბრა.

"პოლიტიკური ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ თვალსაზრისით დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, რომ როდესაც მედია და პოლიტიკა ერთმანეთთან შეზრდილია, ერთ-ერთი ცუდი ვარიანტი რაც მოხდა, არის ის რაც "მე-9 არხს" დაემართა. მედია და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს. მესაკუთრეები არ უნდა იყვნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები, მათ უკან მდგომი ადამიანებიც არ უნდა იყვნენ მესაკუთრეები. ეს ნიშნავს, რომ არის მაღალი რისკის სიტუაცია, რომელსაც მოყვება მსგავსი გადაწყვეტილებები. მნიშვნელობა არა აქვს მესაკუთრეს ბევრი ფული აქვს თუ არა. ეს საფრთხეები არსებობს", - აცხადებს ტუღუში.

მან არხის გაყიდვის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "მე-9 არხი" აქამდე იმიტომ არ გაიყიდა, რომ თუ არხს არ შეიძენდა ძალიან ცნობილი ბრენდი, კომპანია, გაჩნდებოდა კითხვები ტელევიზიის უკან ისევ პრემიერი ხომ არ იდგა.