"არ მჯერა, რომ კოჰაბიტაცია დამთავრდება "ქართული ოცნების" გამარჯვებით"

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს, პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძეს არ სჯერა, რომ გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებით "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაცია დასრულდება. 

ამის შესახებ ბურჯანაძემ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.

"ახლა ასეთი სლოგანი მოიფიქრა ხელისუფლებამ, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატის გამარჯვებით დამთავრდება კოჰაბიტაცია. მე არ მჯერა! არ მჯერა, რომ კოჰაბიტაცია დამთავრდება "ქართული ოცნების" გამარჯვებით. მე მჯერა იმის, რომ მე გავიმარჯვებ და ასეთ შემთხვევაში კოჰაბიტაცია ნამდვილად დამთავრდება, ოღონდ ეს იქნება 27 ოქტომბერი თუ მეორე ტური, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ "ქართული ოცნება" კოჰაბიტაციას ვერ დაამთავრებს. უკვე 10 თვეა, ერთმანეთის გვერდიგვერდ მუშაობენ მინისტრები, გამომძიებლები, პროკურორები და ა.შ. ძალიან ბევრი ერთობლივი საქმე შეიქმნა, რომელიც კოჰაბიტაციის დამთავრებას ხელს არ შეუწყობს. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი: თქვენ როგორც ფიქრობთ, კოჰაბიტაცია შეიძლება დამთავრდეს, თუ მარტო მიხეილ სააკაშვილი წავა და პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" 40% დარჩება? კუბლაშვილი სასამართლოს თავმჯდომარედ დარჩება, გამგებლები და საკრებულოები "ნაციონალების დარჩება?"- განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ იმ შემთხვევში, თუ "ქართული ოცნება" დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს, ის პირველ ადგილზე გავა.