მამა ნიკოლოზ ტაბაღუას სავარაუდოდ, ღვთისმსახურების შესრულების უფლება დროებით შეუწყდება

მამა ნიკოლოზ ტაბაღუას სავარაუდოდ, ღვთისმსახურების შესრულების უფლება დროებით შეუწყდება

ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარს მამა ნიკოლოზ ტაბაღუას სავარაუდოდ, ღვთისმსახურების შესრულების უფლება დროებით შეუწყდება. 

ამის შესახებ "პირWელს" საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დავით შარაშენიძემ განუცხადა, რომელმაც არ დაადასტურა არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალ ზონის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამა ნიკოლოზს ჯვარი ახსნეს.

როგორც "თავისუფალი ზონის" განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია თავად მამა ნიკოლოზის ოჯახის წევრებისგან მიიღეს.

”ჯვრის ახსნის” მიზეზი პროკურატურის მხილებაა, სადაც მამა ნიკოლოზმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიცემული ჩვენება გამოძიებისგან ზეწოლით ახსნა", - აცხადებს "თავისუფალ ზონა".

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ადვოკატებმა ვიდეოფირი გაავრცელეს, რომელშიც მამა ნიკოლოზი გამომძიებელ კახაბერ ჭუმბაძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

მამა ნიკოლოზის თქმით, 13 აგვისტოს ის ქალაქის პროკურატურაში დაიბარეს, სადაც გამომძიებელმა ჭუმბაძემ ყოფილი შს მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება ძალდატანებით მიაცემინა.

ვიდეო-ჩანაწერში მამა ნიკოლოზი საუბრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდებოდა მათთვის სასურველი ჩვენების მცემა, მას დაკავებითაც დაემუქრნენ.

ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მამა ნიკოლოზს აიძულეს, ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გირგვლიანის საქმეზე დაკავებული ალანია, ბიბილურიძე, ღაჭავა და მეტრეველი, ახალაიას რეკომენდაციით, სხვა პატიმრებთან შედარებით უკეთეს პირობებში იხდიდნენ სასჯელს.

იმავე დღეს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია რომ ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ნიკოლოზი სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულების ყოფილი დირექტორი იყო. სწორედ აღნიშნულ დაწესებულებაში იხდიდნენ სასჯელს ალანია, ღაჭავა, ბიბილურიძე და აფციაური სანდრო გირგვლიანის წინააღმდე ჩადენილი დანაშაულისთვის.

"მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა თემურ ტაბაღუას (სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ამჟამად ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელი) ვიდეოჩანაწერი, სადაც ის საუბრობს პროკურატურის თანამდებობის პირების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ, თუმცა ამავე ჩანაწერში იგი არ ასახელებს, თუ რა ფაქტების აღიარებას ითხოვდნენ მისგან ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ და ასევე არ ასახელებს, თუ რაში გამოიხატებოდა მის მიმართ განხორციელებული ზეწოლა. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია განახორციელებს დაუყოვნებლივ სამსახურებრივ მოკვლევას და მოკვლევის შედეგებს განასაჯაროვებს.

რაც შეეხება თავად თემურ ტაბაღუას შემხებლობას "სანდრო გირგვლიანის" საქმესთან, გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წელს ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავდებულები პირები: გ. ალანია, ალ. ღაჭავა, მ. ბიბილურიძე და ა. აფციაური, სასჯელს იხდიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-10 დაწესებულებაში, რომლის დირექტორიც 2006-2011 წლებში გახლდათ თემურ ტაბაღუა (ამჟამად მამა ნიკოლოზი)", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.