პრეზიდენტს ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურაზე არასამთავრობოებთან კონსულტაციები ჯერ არ დაუწყია

პრეზიდენტს ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურაზე არასამთავრობოებთან კონსულტაციები ჯერ არ დაუწყია

საქართველოს პრეზიდენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურაზე არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციები ჯერ არ დაუწყია. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა, პრეზიდენტთან არანაირი კონსულტაცია არ გამართულა და მისი მხრიდან არც რაიმე კომუნიკაციას ჰქონია ადგილი.

მისი თქმით, ზურაბ ხარატიშვილს უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად ჯერ არ შეწყვეტია, რადგან განცხადების დაწერიდან ვადა 15 დღეში იწურება და ამის შემდეგ 15 დღის ვადაში უნდა წარიმართოს კონსულტაციები.

"კანონში წერია, რომ პრეზიდენტმა კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან უნდა გამართოს. იმედია, რომ ჩვენც შეგხვდება და არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ვიწრო წრეს", - აღნიშნა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ცესკო-ს კანდიდატურასთან დაკავშირებით ისინი კონსულტაციებს უკვე აწარმოებენ ერთ პირთან, რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

ლომჯარია მის ვინაობას არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის ის ნაკლებად ცნობილი ფიგურაა.

ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პარლამენტს განცხადებით 12 აგვისტოს მიმართა. ცესკო-ს თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადამდე საქართველოს პარლამენტის დადგენილებით თავისუფლდება. პარლამენტმა ცეესკო-ს თავმჯდომარის გადადგომის საკითხზე გადაწყვეტიება 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიიღოს. თუ პარლამენტმა ამ ვადაში ვერ მიიღო გადაწყვეტილება, თავმჯდომარე ავტომატურად გადამდგარად ჩაითვლება ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. მის ფუნქციებს კი ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მისი მოადგილე დავით კირთაძე შეასრულებს. ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 დღისა, პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ, ცესკო-ს 3 კანდიდატურას წარუდგენს.