პარლამენტისთვის ავეჯის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს

პარლამენტისთვის ავეჯის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტისთვის ახალი ავეჯის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს. შპს "მოდერნ-ვილა" პარლამენტს ავეჯით უზრუნველყოფას 1 267 970 ლარად სთავაზობს. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე "მოდერნ ვილამ" საკუთარი შეთავაზება და სარეკომენდაციო წერილები უკვე ატვირთა. 

"მოდერნ-ვილას" რეკომენდაციას სამი სახელმწიფო უწყება უწევს- შემოსავლების სამსახური, თბილისის მერია და განათლების სამინისტრო - სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

პარლამენტის აპარატმა 1 300 000 ლარიანი ტენდერი სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯის შესაძენად 29 ივლისს გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით საოფისე, სათათბირო, კომპიუტერის და ტელევიზორის მაგიდები, საოფისე კარადები და ტუმბოები ძირითადად დამზადებული უნდა იყოს ლამინირებული მდფ-ით ან მერქან ბურბუშელოვანი ფილით. რაც შეეხება სავარძლებს, სატენდერო მოთხოვნის მიხედვით, პარლამენტი ორი ტყავის გორგოლაჭიანი და 800 უგორგოლაჭო სავარძლის შეძენას აპირებს.

სატენდერო წინადადებების მიღება გუშინ დასრულდა. გააფორებს თუ არა პარლამენტის აპარატი აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულებას, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის.