"მე-9 არხის" შენობაში მხოლოდ დაცვის თანამშრომლები და დამლაგებლები იმყოფებიან

ტელეკომპანია "მე-9 არხის" შენობაში დაცვის თანამშრომლები და რამდენიმე დამლაგებელი იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "მე-9 არხის" დაცვის თანამშრომელმა განუცხადა, დილიდან სამსახურში არავინ გამოცხადებულა, დაკეტილია ტელეკომპანიის ყველა ოთახი, შენობაში რჩებიან მხოლოდ დაცვის თანამშრომლები და დამლაგებლები.

ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "მე-9 არხთან" საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე მივიდა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ჟურნალისტმა განაცხადა, მისთვის გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია "მე-9 არხი" დაიხურა.

ირაკლი მამალაძის განცხადებით, არხის დამფუძნებელთან და მფლობელთან ტელეკომპანიის თანამშრომლებს გასაუბრება არ ჰქონიათ. ჟურნალისტის განცხადებით, თანამშრომელთა დიდი ნაწილი შვებულებაში იმყოფება და არხის დახურვის შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყვეს.

"მე-9 არხის" თანამშრომლები 12.00 საათისთვის ტელეკომპანიასთან შეკრებას გეგმავენ.