საყდრისში მდებარე მაღაროსათვის

საყდრისში მდებარე მაღაროსათვის "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის" სტატუსის გაუქმებაზე განმარტებები გაკეთდება

საყდრისის საბადოს ტერიტორიაზე მდებარე უძველესი მაღაროსათვის კულტურის სამინისტროს მიერ "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის" სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით კომპანიაში განმარტებები გაკეთდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია RMG-იდან აცნობეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, RMG ჯგუფის ოფისში კომპანიის ხელმძღვანელობასთან საწარმოს თანამშრომლებისა და პროფკავშირების მიერ ინიცირებული შეხვედრა გაიმართება.
"შეხვედრის მიზანია, განმარტებები გაკეთდეს კომპანია RMG-ის საყდრისის საბადოს ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. "საყდრისის უძველესი მაღაროსათვის" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ " კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის" სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებით გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია საწარმოს მთელი პერსონალის შეშფოთებას იწვევს. საწარმოს თანამშრომლების განცხადებით, საყდრისის ე.წ. "ძეგლის" პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი ადამიანთა ვიწრო წრის კერძო ინტერესების დასაცავად. ამის შედეგად, შესაძლებელია რეალური საფრთხე შეექმნას, საბადოს დამუშავებას, რაც გამოიწვევს კომპანიის გაჩერებას და 3000 ადამიანის უმუშევრად დარჩენას", _ აცხადებენ კომპანიაში.

შეხვედრაზე კომპანიის თანამშრომლები ხელს მოაწერენ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კულტურის მინისტრის სახელზე შედგენილ მიმართვას, რომელშიც სახელმწიფოს მათი ინტერესების გათვალისწინებისა და ბოლნისის რაიონში დასაქმებული ადამიანების ინტერესების დაცვის თხოვნით მიმართავენ.

18 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაციის "ძეგლის მეგობარი" წარმომადგენლებმა ბოლნისში, საყდრისი-ყაჩაღიანის უბნის ტერიტორიაზე 5 ათას წლიანი ოქროს საბადოს შენარჩუნების მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციაში თბილისიდან ჩასული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის 15-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. ისინი ითხოვდნენ არ მოხდეს ისტორიული ძეგლის აფეთქება.

ახალგაზრდებმა საყდრისში აქცია ჯერ კომპანია RMG-ს ოქროს საბადოს მომპოვებელ ერთ-ერთ კარიერთან გამართეს, შემდეგ კი საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს კარიერთან გადაინაცვლეს, სადაც კომპანიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. RMG-ში დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობა, თავის მხრივ, კარიერზე სამუშაოების შეჩერებას აპროტესტებდა.