"ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მას შემდეგ მოხდება, რაც საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდან გააღწევს"

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერია განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მას შემდეგ მოხდება, რაც საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდან გააღწევს. 

ამის შესახებ ბოკერიამ "თავისუფალ ზონასთან" ინტერვიუში განაცხადა

"საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შანსი და მე მჯერა, რომ ეს ასეც მოხდება. ამას დაჭირდება დრო, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ კონტექსტში, როდესაც საქართველო, ფიზიკურად მისი არაოკუპირებული ნაწილი, მაგრამ საქართველოს ერთიანობა, გააღწევს იმ ზონიდან, რომელიც რუსეთს წარმოდგენილი აქვს თავისი გავლენის სფეროდ, დეკლარირებულად და რომლის შენარჩუნებისთვის ის ასე ღიად იბრძვის", - განაცხადა ბოკერიამ.

უშიშროების საბჭოს მდივანმა ჟენევის მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ფორმატი, როდესაც რუსეთი და საქართველო მოლაპარაკებებს საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით აწარმოებენ.

"ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება – ყურადღება ჩვენი ვითარების მიმართ, რადგან ყურადღება ამცირებს ჩვენს საფრთხეებს ყველა შემთხვევაში. ეს არის ფორმატი, რომელიც ჩვენ არ გვქონდა 2008 წლამდე, რადგან მანამდე არსებული ყველა ფორმატი თავს რუსეთმავე მოგვახვია, ვითომ მოკავშირე, მედიატორი ძალაა, იმიტომ რომ არანაირ პოლიტიკურ ფასს არ იხდიდა პროვოკაციებისთვის. ახლა ეს შეიცვალა", - განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე თუნდაც ხელშესახები პროგრესი არ იყოს, მოლაპარაკებების ეს ფორმატი საქართველოს ინტერესებში შედის და ის აუცილებლად შენარჩუნებული უნდა იყოს.