კახა კუკავა მოითხოვს, არ შეჩერდეს აეროპორტისა და

კახა კუკავა მოითხოვს, არ შეჩერდეს აეროპორტისა და "ვარდების მოედნისთვის" სახელწოდების გადარქმევის პროცესი

"თავისუფალი საქართველო" "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს ნუ შეაჩერებს თბილისის აეროპორტისა და ვარდების მოედნისათვის სახელწოდების გადარქმევას. ამასთან დაკავშირებით პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ დღეს პრესკონფერნცია გამართა.

კუკავას განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის მოთხოვნით, თბილისის საკრებულომ შეაჩერა ინიციატივა თბილისის აეროპორტისთვის ზვიად გამსახურდიას, ხოლო ე.წ. ,,ვარდების მოედნისთვის" მერაბ კოსტავას სახელის მინიჭების შესახებ.

"მივმართვათ ზვიადისა და მერაბის ოპონენტებს, მათ შორის რესპუბლიკელებს - სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში წარსულს უნდა ჩაბარდეს. თბილისის ცენტრში გვაქვს თქვენი ერთ-ერთი ლიდერის გია ჭანტურიას ქუჩა, რაც არასდროს გაგვიპროტესტებია, დღესაც დიდუბის პანეთონშია დაკრძალული თქვენი კიდევ ერთი ლიდერი - ჯაბა იოსელიანი. ამიტომაც დღეს, როცა დადგა საკითხი ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავყოფისა, ყველანი უნდა დავდგეთ 20 წლის წინანდელ წყენაზე და შუღლზე მაღლა და სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს.

და ბოლოს მივმართავთ "ქართული ოცნების" ლიდერებს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს: არჩევნების წინ თქვენც მასშტაბურად იყენებდით ბატონი ზვიადის სახელს, გთხოვთ, ნუ დაემსგავსებით თქვენს წინამორბედ ხელისუფლებას, რომელსაც ზვიად გამსახურდია როგორც წესი, საარჩევნო კამპანიის დროს ახსენდებოდა, ხოლო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე ივიწყებდნენ. თქვენს გადაწყვეტილებას ქართველი ერი 27 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებზე შეაფასებს", - განაცხადა კუკავამ.

მისივე თქმით, "თავისუფალი საქართველო" სახელწოდების შეცვლის ინიციატივით თბილისის საკრებულოს მიმართავს, რაც კენჭისყრაზე იქნება გამოტანილი 30 აგვისტოს სხდომაზე.

"რაც შეეხება ყურით მოთრეულ არგუმენტს, რომ აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს ლეგიტიმაცია არ გააჩნია და გადაწყვეტილება მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით უნდა იქნეს მიღებული, მივმართავთ საკრებულოს შესაბამის კომისიას ინიციატივით მოეწყოს მოსახლეობის გამოკითხვა, რამდენად მისაღებია მათთვის ჯორჯ ბუშის და რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩაზე ცხოვრება",- აცხადებს კუკავა.