იუსტიციის სახლში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

იუსტიციის სახლში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. ეს არის პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც კომისია იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და კომიის შემადგენლობაც განახლდა.

კომისიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. უწყებათაშორისი კომისია განიხილავს საკითხებს, რომელიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან მიმართებაში მედიით გავრცელებულ ინფორმაციას. ასევე დარღვევების შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უწყებათაშორის კომისიას აწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები. განხილვის შედეგად კომისია გასცემს რეკომენდაციებს საჯარო მოსამსახურეებისა და საჯარო დაწესებულებების მიმართ.

კომისიის დღევანდელ სხდომას ესწრებიან როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, კომისიის მუშაობა ახლა უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე იყო უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში ყოფნის დროს, თუმცა როგორც პარლამენტარი ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, კომისიის მუშაობა მაშინაც ეფექტური იყო. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ამ საკითხს დაარეგულრებს ცესკო და აღარ იქნება საჭირო კომისიის არსებობა რომელიმე უწყების დაქვემდებარებაში.

იმერლიშვილის თქმით, მისთვის დღის წესრიგი უცნობია, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ რამე განსაკუთრებულ დარღვევებზე საუბარი არ იქნება.

კომისიის შემადგენლობაში ათი წევრი. კომისიას ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. კომისიის შემადგენლობაში არიან ასევე შს საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და სხვები.

დღევანდელ სხდომას მთავარი პროკურორის მოადგილე შოთა რეხვიაშვილიც ესწრება.