ირინა იმერლიშვილი სახელმწიფო მოხელეებს მიმართავს

ირინა იმერლიშვილი სახელმწიფო მოხელეებს მიმართავს

კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ირინა იმერლიშვილი სახელმწიფო მოხელეებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. 

როგორც ირინა იმერლიშვილმა დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საარჩევნო პროცესი ინტენსიურ ფაზაში შედის, საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება რაიონებში მოსახლეობას. ირინა იმერლიშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს თუ ვის აქვს და ვის არა უფლება საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა მიიღოს, რათაA საუბარი არ იყოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე.

"ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ კამპანიაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ პარლამენტის წევრებს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებს, აგრეთევ მათი მთავრობის თავმჯდომარეებს, საკრებულოს წევრებს, გამგებლებს, მერებს, გუბერნატორებს და საქართველოს პრეზიდენტს" , - განაცხადა ირინა

იმერლიშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნულ პირებს საარჩევნო კოდექსის თანახმად უფლება არ აქვთ აგიტაციაში ჩართონ თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფი პირები, აგრეთვე არ აქვთ უფლება გამოყენონ სახელმწიფო ავტომანქანა, საწვავი, გარდა იმ თანამდებობის პირებისა, რომლებსაც ემსახურება სახელმწიფო დაცვა.

ირინა იმერლიშვილი ყველა დანარჩენ საჯარო მოხელეს სთხოვს, რომ მაქსიმალურად შეიკაონ თავი საპრეზიდენტო კანდიდატთან შეხვედრაზე მისვლისგან, ასევე აგიტაციის გაწევისაგან.

"აგიტაციაში მონაწილეობის უფლება მათ აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი იმყოფებიან შვებულებაში ან არის არასამუშაო საათები" , - განმარტა იმერლიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, აგიტაციაში მონაწილეობის მიღება სრულად ეკრძალებათ საარჩევნო კომისიის წევრებს, ასევე მოსამართლეებს, შსს-ს, თავდაცვის, პროკურატურის, დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, გენერალურ აუდიტორს, სახალხო დამცველს და დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის წევრებს.

ირინა იმერლიშვილის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, საპრეზიდენტო კანდიდატთან გორში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე სახელმწიფო მოხელე, მათ შორის გამგეობის თანამშრომელი დაფიქსირდა, რის გამოც, ირინა იმერლიშვილი სახელმწიფო მოხელეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

დღესვე იმერლიშვილმა მედიას ცეესკოში გიორგი მარგველაშვილის კიდევ ერთი ოფიციალური წარმომადგენელი ლაშა აბაშიძე გააცნო.

ლაშა აბაშიძის ინფორმაციით, იგი ინგლისში ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობდა, ოქტომბრის არჩევნების შემდგე კი საქართველოში დაბრუნდა.