გიორგი მარგველაშვილი:   ოპონენტების მენტალური იდეალი სააკაშვილია

გიორგი მარგველაშვილი: ოპონენტების მენტალური იდეალი სააკაშვილია

"ქართული ოცნება" ევროპული თამაშის წესებს ამკვიდრებს, რაც მისაღებია მოქალაქეებისთვის და მიუღებელია პოლიტიკური ელიტისთვის, რომლებიც სხვა თამაშის წესებს შეეჩვივნენ ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, ქართველი საზოგადოება იმდენად ევროპულია, რომ ქართველსა ევროპელს შორის განსახვავებას ვერავინ იპოვის, მაგრამ ქართული და ევროპული პოლიტიკა განსხვავდება.

"ქართველი კაცის ევროპულობა, სამწუხაროდ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ვერ თავსდებოდა პოლიტიკურ პროცესებში, სადაც დამკვიდრებული იყო პოსტსაბჭოთა ფორმატი: მესიების, პატრონებისა და ხანაც ყოჩების ძებნა, რადგან ინდივიდი და პოლიტიკური პროცესი სრულიად განსხვავებულნი იყვნენ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ამომრჩეველს რომ ჰქონოდა ქარიზმატული ლიდერების მოთხოვნა, ამდენი პრობლემა არ იქნებოდა ამ ყაიდის ლიდერებთან. როგორც მარგველაშვილი აცხადებს, "ქართული ოცნება" ხალხს სთავაზობს პრეზიდენტს, რომელიც მისი მსახური იქნება.

"ვნახოთ, რომელი უფრო საინტერესო იქნება: ქარიზმატული ლიდერი, რომელიც თავის განდიდებაზე ფიქრობს, თუ პრეზიდენტი, რომელიც ფიქრობს ადამიანებზე. მე ვიქნები მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი. რაც გულისხმობს მთავრობის რეფორმებისთვის მხარდაჭერას", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტობის კანიდატი აცხადებს, რომ 9 წლის დანგრეული 9 თვეში ვერ გასწორდება.

"სწორედ იმის გამო გვინდა კოჰაბიტაციის დასრულება, რომ აღარასოდეს აღდგეს პოლიციური სახელმწიფო და კლანური კონტროლი მედიაზე. 27ოქტომბერს კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს და სწორედ ამის გამო გულგატეხილ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მეტი მოტივაცია, რომ მივიდნენ საარჩევნო უბანში, შემოხაზონ 41 და კოჰაბიტაცია დაასრულონ", - განაცხადა მრგველაშვილმა.

კითხვაზე, როგორ იგრძნობს მოსახლეობა კოჰაბიტაციის დასრულებას, მარგველაშვილის განცხადებით, ყველა დაინახავს, რომ აღარ ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი პიარისთვის ქვეყნის დისკრედიტაციას ეწევა.

"მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტი ერთობლივად იმოქმედებენ, რომ მოქალაქემ თავი უკეთესად იგრძნოს. ხელისუფლების ყველა შტო ერთი მიზნისკენ- გამარჯვებული საქართველოსკენ იყოს მობილიზებული", -განაცხადა მარგველაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" წევრები ნინო ბურჯანაძესთან გადადიან.

ამასთან დაკავშირებით, მარგველაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური და მენტალური იდეალი სააკაშვილია.

"ისინი ცდილობენ, მის პიარტრიუკებს მიბაძონ: არიქა, "ოცნება" იშლება და იქიდან მასობრივად მიდიან წევრებიო. ასეთ ტრუკებს სააკაშვილი გაცილებით უკეთ იყენებდა", -განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ განიხილება.

"იმ პრობლემების აღმოფხვრას, რომელიც ხალხს აწუხებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მხოლოდ შეაჩერებს. ხომ ხედავთ, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე როგორი თავშეკავებულია ბიზნესი, რომელიც პოლიტიკური სტაბილურობის დამყარებას ელოდება. ყოველ 6 თვეში ახალ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ იმის გამო, რომ ვიღაც პარლამენტში ვერ მოხვდა", -განაცხადა მარგველაშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კონკურენტებზე საუბრისას, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ის გაიმარჯვებს.

"როდესაც ჩემს კონკურენტებს ამომრჩევლის თვალით ვუყურებ, მათში რეალური წარმატების პოტენციალს ვერ ვხედავ", - დასძინა მარგველაშვილმა.