გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის გამო, მეწყერსასიში ზონები წარმოიქმნა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ორდღიანმა ძლიერმა წვიმამ სოფლების: კონჭკათში, თხინვალში, შრომაში, ნატანებში, ზემო და ქვემო აკეთში, ასევე ურეკის წვერმაღალას მონაკვეთზე მეწყერსაშიში ზონები წარმოქმნა.
გურიის გუბერნატორის განცხადებით, სოფელ ჭანჭათთან დასაკავშირებლად ტექნიკა უკვე მუშაობს.
ვალერი ჩიტაიშვილის თქმით, რთული ვითარებაა დაბა ურეკში, სადაც ორდღიან ძლიერ წვიმას ურეკის წყალგამტარმა სისტემამ ვერ გაუძლო და საკურორტო დაბა დატბორა.
ჩიტაიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის წყალგამტარი სისტემის გასუფთავება-მოწესრიგება მიმდინარეობს და ამასთან ერთად აუცილებელია დამატებითი წყალგამტარი არხების გაჭრა, რათა სხვა დროს ურეკში ათეულობით ოჯახი არ დაიტბოროს.
გუბერნატორის ინფორმაციით, დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მიერ მოხდა.
ამ დროისთვის ზარალის დათვლა მიმდინარეობს. გუბერნატორის ინფორმაციით, ზარალის ანაზღაურებას ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ გაწვდება და დახმარებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გახდება საჭირო დაფინანსება.