დაბა ურეკში ზარალის ზუსტი ოდენობა სამ დღეში დადგინდება

დაბა ურეკში ზარალის ზუსტი ოდენობა სამ დღეში დადგინდება

დაბა ურეკში, სტიქიით მიყენებული ზარალის ზუსტ ოდენობას, შესაბამისი კომისია მომავალი სამი დღის განმავლობაში დაადგენს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კოტე შარაშენიძემ განუცხადა. მისი თქმით, ზარალის დამდგენი კომისიის წევრები მუშაობას უკვე შეუდგნენ.

"ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოზურგეთში და კერძოდ ურეკში, წყალდიდობა რამდენჯერმე განმეორდა. აქედან გამომდინარე კომისია შექმნილია. აბსოლუტურად ყველა ქუჩას ვაკონტროლებთ. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, მთელი დღის განმავლობაში დატბორილი რჩება საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროების პირველი სართულები. გარდა წყალდიდობისა, რამდენიმე ადგილზე მეწყერია ჩამოწოლილი. მყისიერად მივიღეთ ზომები და ამ დროისთვის დამეწყრილი ადგილებისა და გზების გაწმენდა მიმდინარეობს", - აღნიშნა გუშინ შარაშენიძემ.

მეწყერის ჩამოწოლის განმეორების საშიშროებაზე საუბრობს დაბა ურეკის რწმუნებული ბიძინა იმნაიშვილი. "ინტენსიური წვიმისგან მიწა გაიჟღინთა, რამაც სიმაღლეებიდან ხეებისა და მიწის მოწყვეტა და დაშვება გამოიწვია. ამ ზონაში მეწყერის განმეორების საშიშროება კვლავ არსებობს. უზარმაზარი ნაძვის ხეებია, რომლებიც მეწყერმა თუ ჩამოიტანა, მოსახლეობას და საგზაო ინფრასტრუქტურას სერიოზულ ზარალს მიაყენებს," - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ურეკის რწმუნებულმა.

გუშინ გამთენიისას მოსული უხვი ნალექის გამო, დაბა ურეკის საკურორტო ზონის ნაწილი დაიტბორა.