საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აეროპორტისთვის სახელის შეცვლის საკითხი აღარ განიხილება

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აეროპორტისთვის სახელის შეცვლის საკითხი აღარ განიხილება

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აეროპორტის, ვარდების მოედნის, ევროპის მოედნისა და რიყის პარკისთვის სახელების შეცვლის საკითხი აღარ განიხილება, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საკრებულოს წევრმა გულიკო ზუმბაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის. "დღის წესრიგში საკითხი შესაბამისმა კომისიამ უნდა შემოიტანოს. ჯერ ხდება საკითხის კომისიაზე განხილვა, შემდეგ კი, კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით, დღის წესრიგში შეტანა, რის შემდეგაც საკითხი გადასაწყვეტად გამოდის საკრებულოს სხდომაზე. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას, რომელსაც ნათელა მაჭავარიანი ხელმძღვანელობს, რამდენადაც მე ვიცი, ამ საკითხებთან დაკავშირებით არ უმსჯელია. როდესაც ხდება არაოფიციალურ შეხვედრაზე, თათბირზე, შეკრებაზე რაღაც მოსაზრებებისა და ინიციატივების გამოთქმა, ინიციატივები ზეპირი ან წერილობითი სახით შესაბამის კომისიაში უნდა შევიდეს, ეს ასე არ მოხდა. ამიტომაც ვთქვი, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან ნაჩქარევი და პოპულისტური იყო სახელების შეცვლის შესახებ განცხადების გაკეთება", - აღნიშნა ზუმბაძემ.

აეროპორტის, ვარდების მოედნის, ევროპის მოედნისა და რიყის პარკისთვის სახელწოდების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით განცხადება საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა 15 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, რომ თბილისის აეროპორტს ზვიად გამსახურდიას სახელი, "ვარდების მოედანს" - მერაბ კოსტავას, "ევროპის მოედანს"- ასი ათასი მოწამის სახელი, რიყის პარკს კი ევროპის პარკი დაერქვას. კოსტავას ქუჩა სწორედ ვარდების მოედნიდან იწყება და სასურველია, რომ ამ მოედანს კოსტავას სახელი დაერქვას. რაც შეეხება ევროპის მოედნისთვის ასი ათასი მოწამის სახელის დარქმევას, ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ასი ათასი მოწამე აწამეს. ჩვენთვის რომ არ დაებრალებინათ ევროპის მოძულეობა, ამიტომ გადავწყვიტეთ რიყის პარკისთვის დაგვერქმია ევროპის პარკი", – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

შიხიაშვილის პრესკონფერენციას გამოეხმაურა საკრებულოს წევრი გულიკო ზუმბაძე და განაცხადა რომ, როდესაც საუბარია თბილისის მნიშვნელოვანი მოედნებისა და პარკებისთვის სახელწოდების შეცვლაზე, აუცილებელია საზოგადოებრივი აზრის შესწავლა.