საქართველოს ხვალ

საქართველოს ხვალ "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები ეწვევიან

საქართველოს ხვალ რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები ეწვევიან. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის უვნებლობის სააგენტოდან აცნობეს, "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები სურსათის უვნებლობის სისტემასა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებზე სერტიფიკატის გაცემის მექანიზმს შეისწავლიან.

საქართველოში ვიზიტისას რუსი სპეციალისტები კახეთსა და დასავლეთ საქართველოს ეწვევიან. მათი ვიზიტი დასავლეთ საქართველოში - აჭარაში დასრულდება. რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს 21 აგვისტოს დატოვებენ.

"შეხვედრები გაიმართება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოში. ვიზიტისას ძირითადი აქცენტი აკრედიტებული ლაბორატორიების მუშაობაზე გაკეთდება. თუმცა, დაგეგმილია საწარმოებში ვიზიტიც, რითაც ქართული მხარე თავის რუს კოლეგებს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის კონტროლის მთელ ჯაჭვს გააცნობს", - აცხადებენ სააგენტოში.