შსს ზაზა ხატიაშვილის ბრალდებებს პასუხობს

შსს ზაზა ხატიაშვილის ბრალდებებს პასუხობს

პროკურატურის მიერ რევაზ დვალიშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში კონკრეტული პირების გამოვლენის შემთხვევაში, შსს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს მიიღებს.

აღნიშნული განცხადებით შს მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი "ადვოკატთა ასოციაციის" პრეზიდენტის ზაზა ხატიაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

ხატიაშვილმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან რევაზ ქობულიასთან და მალხაზ მჟავიასთან დაკავშირებით მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები გააპროტესტა. ხატიაშვილი ამის გამო შს მინისტრის, მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

გიორგობიანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დაადასტურა, რომ რევაზ ქობულია ამჟამად წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსია. რაც შეეხება მალხაზ მჟავიას, გიორგობიანის თქმით, ის არ დაწინაურებულა, არამედ ერთი განყოფილებიდან მეორეში, იგივე თანამდებობრივ პოზიციაზე გადაიყვანეს.

ამასთან, როგორც გიორგობიანი აცხადებს, დვალიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არც ერთი პოლიციელის გვარი არ ფიგურირებს.

"ეს ორი პიროვნება პოლიციაში მართლაც მუშაობს, სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში "დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" წერია, რომ დვალიშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციის მესამე მუხლის არსებით დარღვევას - არასათანადო მოპყრობის გამო, რომ ამ ადამიანთან მიმართებაში გამოძიების პროცესში იყო ხარვეზები, მაგრამ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაში კონკრეტული სახელები და გვარები მითითებული არ არის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს დვალიშვილი. იკითხებიან პირები, ვისაც შეხება ჰქონდა დვალიშვილის საქმესთან. იმ შემთხვევაში, თუკი დვალიშვილის წამებაში ამა თუ იმ პირის მონაწილეობა დადასტურდება, მათ მიმართ კანონის შესაბამისი ზომები გატარდება", - აცხადებს ნინო გიორგობიანი.