"აგვისტოს ომის გამოძიება საკითხის პოლიტიკური შესწავლა არ არის"

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, "აგვისტოს ომის გამოძიება საკითხის პოლიტიკური შესწავლა არაა".

ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის კურტ ვოკერის ინტერვის იმ ნაწილის კომენტირებისას განუცხადა, სადაც ვოკერი აგვისტოს ომის გამოძიების მართებულობის შესახებ საუბრობს.

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ არის საკითხის პოლიტიკური შესწავლა. აქ არ დგას საკითხი, თუ ვინ დაიწყო ომი. ამაზე ცალსახა პასუხი გაცემულია - ეს იყო რუსული აგრესია სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ეს შესწავლა გვაინტერესებს იმიტომ, რომ მომავალში არ დავუშვათ ანალოგიური შეცდომები და მომავალში ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს უფრო მოვუფრთხილდეთ სწორი სტრატეგიული და ტაქტიკური გადაწყვეტილებებით", - განაცხადა ალასანიამ.

ვოკერის აზრით, გამოძიების მიზანი შეცდომების დადგენა და მათი ხელმეორედ დაშვების თავიდან აცილება უნდა იყოს.

"გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა შეცდომები, რა გაკეთდა არასწორად და რა პროცედურები უნდა შევიმუშავოთ ამ შეცდომებზე დაყრდნობით, იმისთვის, რომ გვქონდეს პასუხისმგებლობით სავსე ეროვნული თავდაცვა", - აღნიშნა ვოკერმა.

ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან ინტერვიუ "ამერიკის ხმის" ქართულმა ბიურომ ტელეკომპანია "იმედისთვის" ჩაწერა.