თეატრალური ფესტივალი - ქართული თეატრების შანსი

თეატრალური ფესტივალი - ქართული თეატრების შანსი

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი თბილისში მეორედ იმართება. ფესტივალი ხვალ საზეიმოდ გაიხსნება და 15 ოქტომბრამდე გასტანს. ქართველი მსახიობები აცხადებენ, რომ არცთუ სახარბიელო სიტუაციაში მყოფი ქართული თეატრისათვის, ეს და მსგავს ფესტივალები არამხოლოდ აუცილებელი, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ქართული თეატრი წლების განმავლობაში ევროპისაგან ერთგვარ იზოლაციაში იმყოფებოდა და ბევრი საინტერესო ქართული სპექტაკლი დარჩა საერთაშორისო ყურადღების გარეშე.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიების მრავალფეროვანი პროგრამა ქართული სპექტაკლების, საერთაშორისო პროგრამის,  უორქშოფების, გამოფენებისა და პრეზენტაციებისგან შედგება.  

ფესტივალზე თბილისის  (სამწუხაროდ,  ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში თეატრების დიდი ნაწილი სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს)  26 თეატრის მიერ 36 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის - ცნობილი ქართველი რეჟისორების, რობერტ სტურუასა და რეზო გაბრიაძის სპექტაკლები. საერთაშორისო პროგრამა კი 11 ქვეყნის - იტალიის, ლიტვის, ესტონეთის, საფრანგეთის, ხორვატიის, ირანის, რუსეთის, ინგლისის, ისრაელის, სომხეთისა და გერმანიის მიერ  წარმოდგენილ 12 სპექტაკლს აერთიანებს.

თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამას შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრები,  ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული და თავისუფალი თეატრები უმასპინძლებენ.