სასჯელაღსრულების სამინისტრო არასამთავრობოების განცხადებას ეხმაურება

სასჯელაღსრულების სამინისტრო არასამთავრობოების განცხადებას ეხმაურება

პატიმარ ლევან კორტავას საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას სასჯელაღსრულების სამინისტრო ეხმაურება. უწყება განმარტავს, რომ ლევან კორტავას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში - 28 მაისს, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ შემდეგი პირები: გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი მალხაზ სინაურიძე, დირექტორის მოადგილეები თენგიზ კუჭავა და ივერი გოგიბერიძე. 4 ივნისს, დაკავებული თანამდებობები დატოვეს სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ოთარ გულიაშვილმა და უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ოთარ მარდალეიშვილმა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში არასწორადაა ციტირებული პროკურატურის განცხადება, თითქოს, გეგუთის ციხის თანამშრომელი პატიმარზე უკანონო ზეგავლენის მოხდენას ავალებდა იმავე დაწესებულების სხვა პატიმრებს, რომელთაც სავარაუდოდ, გარკვეული კრიმინალური ავტორიტეტი გააჩნდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

"სინამდვილეში, ზუსტი ციტირება ასეთია: "გეგუთის დაწესებულების თანამშრომელმა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის უგულვებელყოფით, კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა დაავალა ერთ-ერთ მსჯავრდებულს". რაც შეეხება სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგს, მას აწარმოებს სახალხო დამცველი და მასთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რომლის შემადგენლობა, წინა წლებთან შედარებით, რამდენჯერმე გაიზარდა და მასში მონაწილეობს 20 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებმაც უკვე გაიარეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტრენინგი" - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.