მთავრობის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების პროექტის სამუშაოები დაათვალიერეს

მთავრობის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების პროექტის სამუშაოები დაათვალიერეს

მთავრობის წარმომადგენლებმა პატარა ლიახვის ხეობაში ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მიმდინარე წყალმომარაგების მოწესრიგების პროექტის სამუშაოები დაათვალიერეს. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წყალმომარაგების მოწესრიგების პროექტს დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი გაეცნენ.

უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ზარდიანთკარში, დიდ ხურვალეთში, გუგუთაანთკარსა და კოშკაში ორი დამატებითი ჭაბურღილის ბურღვა მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამოქმედდა და მას საქართველოს მინიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მთლიანობაში, პროექტის ფარგლებში, ოთხი ჭაბურღილის მშენებლობაა დაგეგმილი, რის შედეგადაც, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ოთხ სოფელს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება.

"ეს არის მაღალი ხარისხის სასმელი წყლის მიწოდებაზე ორიენტირებული პროექტი, რომელიც აქ მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის მნიშვნელოვან პრობლემას გადაჭრის, აქ მცხოვრებლებს წყალი წლების განმავლობაში არ მიეწოდებოდათ, ამ პროექტის განხორციელებით კი, ეს ვითარება რეალურად, უკეთესობისკენ შეიცვლება", - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას თენგიზ შერგელაშვილმა.

პროექტის მიხედვით, ჭაბურღილებში ჩაისმება შესაბამისი დამეტრის ლითონის საცავი მილები, მოეწყობა წყლის ფილტრები, დამცავი სანიტარიული ღობე, დამონტაჟდება შესაბამისი წარმადობის ტუმბოები და მართვის კარადები. თითოეული ჭაბურღილის საპროექტო დებიტი (მიღებული წყლის მოცულობა) იქნება 1.2 ლიტრი/წმ.

"ჩვენ ახლახან დავასრულეთ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების კვლევა და წყალი ამ საჭიროებებს შორის ერთ-ერთი პირველ ადგილზე აღმოჩნდა. ამდენად, ამ პროექტის განხორციელებას აქ მცხოვრები ადამიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

პროექტის მიხედვით, ორი ჭაბურღილის მოწყობის საორიენტაციო ღირებულება 124,200 ლარს შეადგებს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.