არასამთავრობოები ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობოები ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

არასამთვარობო ორგანიზაციები პატიმრობაში მყოფი ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

არასამთავრობოების ერთობლივ განაცხადებას "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებისთვის ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილია ის, რომ 2013 წლის 13 მაისს გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასტიკად იქნა ნაცემი 24 წლის პატიმარი ლევან კორტავა, რასაც შედეგად ამავე წლის 23 მაისს მისი გარდაცვალება მოჰყვა.

"როგორც ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაცია ცხადყოფს, 2013 წლის 12 მაისს ლევან კორტავა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #6 დაწესებულებიდან გადაიყვანეს გეგუთის #14 დაწესებულებაში. გეგუთის ციხეში განთავსებისას, ლევან კორტავასა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ - ილია შანშაშვილს შორის, ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა. ილია შანშაშვილმა ლევან კორტავასთან კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა მსჯავრდებულ შოთა სინაურიძეს დაავალა, რასაც მოჰყვა რამდენიმე პატიმრის მიერ ლევან კორტავას განსაკუთრებული სისასტიკით ცემა, რომლის დროსაც მიყენებული დაზიანებების გამო ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უკიდურესი შეშფოთება გეგუთის ციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. საგანგაშოა, რომ გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გეგუთის ციხის თანამშრომელი პატიმარზე უკანონო ზეგავლენის მოხდენას (რასაც მოყვა პატიმრის ცემა და საბოლოოდ გარდაცველება) ავალებდა იმავე დაწესებულების სხვა პატიმრებს, რომელთაც სავარაუდოდ გარკვეული კრიმინალური ავტორიტეტი გააჩნდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არიან ე.წ. მაყურებლები. აღნიშნული განცხადება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება პრობლემის აღიარება, თუმცა მის აღმოსაფხვრელად აუცილებელია დროული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა. მომხდარი ინციდენტი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირების შემთხვევაში, შესაძლოა მსგავსი ტიპის ფაქტებმა, პატიმრებისა და ციხის თანამშრომლების შორის უკანონო კავშირებმა და დაწესებულებაში გარკვეული პატიმრებისთვის უპირატესობების მინიჭების შემთხვევებმა სისტემური ხასიათი მიიღოს. მიგვაჩნია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ციხის ხელმძღვანელობას აღნიშნული მმართველობის მეთოდების შესახებ არაფერი ცოდნოდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ერთი მხრივ უზრუნველყოს კანონმდებლობის იმდაგვარი სრულყოფა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ციხეში არაფორმალური მართველობის განხორციელების საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ, გააძლიეროს დაწესებულებებში შიდა მონიტორინის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს სამინისტროს აღკვეთოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების არაფორმალური მმართველობის ფაქტები.

"მოვუწოდებთ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარებისა სამინისტროს: უმოკლეს ვადებში შეისწავლოს გეგუთის ციხეში არსებული ზოგადი მდგომარეობა და მმართველობის მეთოდები; დააყენოს გეგუთის ციხის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხი; განახორციელოს სასჯელაღსრულებათა დაწესებულებების ეფექტური მონიტორინგი, რათა აღკვეთილ იქნეს არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტები.

მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, შეისწავლოს აღნიშნული საქმის კონკრეტული გარემოებები. ასევე მნიშვნელოვანია მიმართოს ძალისხმევა ამ და სხვა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მსგავსი პრობლემების გამოვლენის, პრევენციისა და აღმოფხვრისათვის და საზოგადოებას პერმანენტულად მიაწოდოს ინფორმაცია სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებული პრობლემების შესახებ.

აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს სასჯელაღსრულების სისტემის საზოგადოებრივი მონიტორინგის საჭიროებას. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პრევენციის ეროვნული მექანიზმისგან დამოუკიდებლად, უმოკლეს ვადაში დაერთოთ ნება, განახორციელონ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ალტერნატიული მონიტორინგი, რაც ხელს შეუწყობს დაწესებულებებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას, სამართალდარღვევათა პრევენციასა და არსებული გამოწვევების უკეთ გამოვლენას", -ნათქვამია განცხადებაში.