თეა წულუკიანი:  ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდების როლი გამოძიებამ უნდა დაადგინოს

თეა წულუკიანი: ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდების როლი გამოძიებამ უნდა დაადგინოს

ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდების როლი გამოძიებამ უნდა დაადგინოს, - ამის შესახებ არასამთავრობოების დღევანდელი განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, კორტავას საქმის გამოძიება საკმაოდ ეფექტიანად მიმდინარეობს.

"გამოძიება დაადგენს ყველა ოფიციალური პირის, თუ კორტავას თანასაკნელის პასუხისმგებლობას ამ საქმეზე. რაც შეეხება ე.წ. კანონიერი ქურდების როლს, ამ საქმეში მათი მონაწილეობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

არასამთვარობო ორგანიზაციებმა პატიმრობაში მყოფი ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებისთვის ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილია ის, რომ 2013 წლის 13 მაისს გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასტიკად იქნა ნაცემი 24 წლის პატიმარი ლევან კორტავა, რასაც შედეგად ამავე წლის 23 მაისს მისი გარდაცვალება მოჰყვა.

"სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არიან ე.წ. მაყურებლები. აღნიშნული განცხადება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება პრობლემის აღიარება, თუმცა მის აღმოსაფხვრელად აუცილებელია დროული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა. მომხდარი ინციდენტი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირების შემთხვევაში, შესაძლოა მსგავსი ტიპის ფაქტებმა, პატიმრებისა და ციხის თანამშრომლების შორის უკანონო კავშირებმა და დაწესებულებაში გარკვეული პატიმრებისთვის უპირატესობების მინიჭების შემთხვევებმა სისტემური ხასიათი მიიღოს. მიგვაჩნია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ციხის ხელმძღვანელობას აღნიშნული მმართველობის მეთოდების შესახებ არაფერი ცოდნოდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ერთი მხრივ უზრუნველყოს კანონმდებლობის იმდაგვარი სრულყოფა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ციხეში არაფორმალური მართველობის განხორციელების საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ, გააძლიეროს დაწესებულებებში შიდა მონიტორინის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს სამინისტროს აღკვეთოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების არაფორმალური მმართველობის ფაქტები.