"ენვერის" საქმეზე ნასამართლევი პირები ნასამართლეობის მოხსნას ითხოვენ

სპეცოპერაცია "ენვერის" საქმეზე ნასამართლევი, შემდგომ კი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები ნასამართლეობის მოხსნას ითხოვენ. სამხედრო მფრინავებმა აღნიშნეს, რომ "ნასამართლეობის სტატუსის" გამო სამსახურს ვერ იწყებენ. 

როგორც ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს გამართულ ბრიფინგზე ადვოკატმა რამინ პაპიძემ აღნიშნა, აჭარის მთავარმა სამმართველომ და ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნასამართლეობის მოხსნისთვის საჭირო დოკუმენტაციის გაცემაზე უარი განაცხადა:

"მივმართეთ შინაგან საქმეთა აჭარის მთავარ სამმართველოს, ფლობდნენ თუ არა რაიმე სახის მაკომპრომიტირებელ ინფორმაციას და მიმდინარეობდა თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა რომელიმე საქმეზე ამ პირთა მიმართ. ასევე, მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოეცათ განაჩენი, რომლის მიხედვითაც ეს ადამიანები დამნაშავედ არიან ცნობილი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი სურვილი იყო ვადაზე ადრე ნასამართლეობის მოხსნის საკითხი, ამ დოკუმენტაციის შეგროვება აუცილებელი იყო. მივიღეთ ორივე უწყებისგან უარი. მთავარმა სამმართველომ განმარტა, რომ აღნშნული ინფორმაცია ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად საჯარო ინფორმაციას არ ექვემდებარება, ხოლო საქალაქო სასამართლომ იმ მოტივით, რომ გრიფით საიდუმლო ადევს საქმეს, განაჩენის გადმოცემაზე უარი განაცხადა", - აღნიშნა რამინ პაპიძემ.

სპეცოპერაცია "ენვერის" დროს დაკავებული დავით მესხიძე საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნასაც ითხოვს. მისი თქმით, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა, თუმცა საქმის გამოძიება ამ დრომდე ვერ ხერდხება და სამართლებრივად შეუსაბამო მდგომარეობაა:

"ჩვენი უდიდესი პრობლემა მდგომარეობს იმაში, მფრინავები უმუშევარი ჩაუდენელი საქმის გამო ვართ უმუშევრად. ნასამართლეობას არ გვიხსნიან, სამუშაოს კი ვერ ვიწყებთ. ჩვენი მოთხოვნაა მოგვიხსნან ნასამართლეობა. შემდეგ, მოეხსნას ჩვენს საქმეს გრიფი საიდუმლო, რადგან ეს საქმე არის სრული სიცრუე. ძალიან კარგი იქნება, ეს პროცესი თუ დაჩქარდება, რამდენი ხანია უკვე გავთავისუფლდით და წინსვლა ჩვენი საქმის მიმართ არ არის. სამსახურში ასეთი ისტორიით არავის ვჭირდებით", - აღნიშნა დავით მესხიძემ.

ასევე, "ენვერის" სპეცოპერაციის დროს დაკავებული შემდეგ კი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული არმენ გევორქიანი ითხოვს სასამართლოს განაჩენის ნახვას:

"2 წელი და 3 თვე გავატარეთ გლდანის მერვე საპყრობილეში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. განაჩენი არ უნდა ვნახო რა ჩავიდინე? სასამართლოს პირველ ინსტანციას ვესწრებოდი, მეორეს არ დაგვასწრეს, სასამართლოზე ვერ გავიგე რა ჩავიდინე. მომცენ განაჩენი, მინდა წავიკითხე რას ვჯაშუშობდი, როგორ ვჯაშუშობდი. დიდი ეჭვი მაქვს, რომ განაჩენი საერთოდ არ არსებობს ბუნებაში", - აღნიშნა არმენ გევორქიანმა.

სპეცოპერაცია "ენვერის" დროს 11 მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით 2012 წელს დააკავეს.