ყოფილი მოსამართლეები პარლამენტისგან რეაგირებას ელოდებიან

ყოფილი მოსამართლეები პარლამენტისგან რეაგირებას ელოდებიან

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი მოსამართლეები: მერაბ ტურავა, ნინო გვენეტაძე, თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საქმეზე პარლამენტისგან მომხდარის შეფასებას და რეაგირებას ითხოვენ. 

ყოფილი მოსამართლეების განცხადება პარლამენტშია და ახლა მასზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მუშაობს. განცხადებაში ყოფილი მოსამართლეები მიუთითებენ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური მოტივით, უკანონოდ და თვითნებურად მათზე დისციპლინური დევნა განხორციელდა, რის შედეგადაც, 2006 წელს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ. ამასთან, ყოფილმა მოსამართლეებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ გამოტანილი არ არის.

მოსამართლეების განცხადებაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გასულ კვირას იმსჯელეს, სადაც ყოფილი მოსამართლე მურმან ისაევიც იღებდა მონაწილეობას. როგორც მან კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას აღნიშნა, წინა ხელისუფლების პირობებში, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში უკანონო ჩარევების გარდა, არაერთგზის ადგილი ჰქონდა მოსამართლეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის გამოც ბევრი მათგანი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.

"არაერთმა მოსამართლემ დაწერა განცხადება გადადგომის თაობაზე იმის შიშით, რომ არ გამხდარიყო პოლიტიკურად მანიპულირებული დისციპლინური დევნის ობიექტი, რაც აუცილებლად დამთავრდებოდა მისი სასამართლო ხელისუფლებიდან გაძევებით", - აღნიშნა ისაევმა.

უზენაესი სასამართლოს ოთხი ყოფილი მოსამართლის განცხადებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი საშემოდგომო სესიაზე დაუბრუნდება.