მიწის მმართველობის გაუმჯობესების მიზნით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება

მიწის მმართველობის გაუმჯობესების მიზნით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება

მიწის მმართველობის გაუმჯობესების მიზნით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება. აღნიშნულ საკითხზე სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" აღმასრულებელლი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმოამდგენლები ექსპერტებთან ერთად მსჯელობენ. 

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, უწყებათაშორისი საბჭოს მიზანი მიწის პოლიტიკის შემუშავება, მიწის მართვის ეფექტური სისტემის შექმნა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იქნება.

თეა წულუკიანის განმარტებით, საქართველო, როგორც მცირემიწიანი ქვეყანა დგას ისეთი გამოწვევის წინაშე, როგორიც არის სახელმწიფოში მიწის მართვის პოლიტიკის შემუშავების პრობლემა.

"საქართველოში მიწა დღემდე იმართებოდა ქაოტურად. დღეს ჩვენ დავდექით იმის საჭიროების წინაშე, რომ პარლამენტს საასოფლო-სამეურნეო მიწებზე გამოეცხადებინა მორატორიუმი, რათა ჩვენი მიწები უსისტემოდ და ქაოტურად არ გასხვისდეს უცხოელებზე, მაგრამ ეს მორატორიუმი არის და უნდა იყოს ძალიან მოკლევადიანი, ვინაიდან ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები", - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინსიტრის განმარტებით, ეს მოკლე დრო მთავრობას მიეცა პარლამენტის მიერ, რათა იუსტიციის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროებმა თავიანთ სსიპ-ებთან ერთად შექმნან საკოორდინაციო საბჭო და იმსჯელონ, რა ტიპის მიწები არსებობს საქართველოში და როგორ შეიძლება ითვლებოდეს ამ მიწების კატეგორია, რათა ადგილი არ ჰქონდეს თვითნებობას.

"ეს აუცილებელია იმისთვის, რომ განისაზღვროს, რა შეიძლება გასხვისდეს და რა - არა. ჩვენ ამაში დიდ დახმარებას გაგვიწევს ევროპული და ევროკავშირის გამოცდილება. კერძოდ, აუცილებელია ვიცოდეთ უნდა გასხვისდეს თუ არა საზღვრისპირა რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე. მიწები უნდა სხვისდებოდეს, მაგრამ უნდა არსებობდეს კონკრეტული კრიტერიუმები, რის მიხედვით ვაკეთებთ ამას და რატომ. სწორედ ამიტომ მიწის მართვის პოლიტიკის დასადგენად დღეს პირველი სხდომა იმართება", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შემუშავდება მიწის პოლიტიკის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები. საბჭოს სხდომაზე იუსტიციის მინისტრთან ერთად მოხსენებით გამოვიდნენ პარლამნეტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე. ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე კერესელიძე.