სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი 6 თვის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი 6 თვის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი მაია ხასია 6 აგვისტოს, სასწავლო ცენტრის მიერ 6 თვის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრიდან აცნობეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში"დაგეგმილ კონფერენციაზე ასევე განხილულ იქნება სასწავლო ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებები და აქტივობები.

"კონფერენციას დაესწრებიან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილეები და სისტემის სხვა ხელმძღვანელი პირები. კონფერენციაზე ასევე შედგება უნიკალური პროექტის პრეზენტაცია და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება იხილოს სასწავლო ცენტრის ინიციატივით გადაღებული სასწავლო ფილმი "სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიღება-განთავსება". (ფილმის რეჟისორი თომა ჩაგელიშვილი (თ-სტუდიო). დაფინანსებულია ევროკავშირის პროექტის "სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საკონსულტაციო კომპანია Hulla & Co Human Dynamics KG.) ფილმი განკუთვნილია სისტემის თანამშრომელთათვის, რომლებიც სწავლებას გადიან სასწავლო ცენტრში. სასწავლო პროცესში ამ ნოვაციის დანერგვა შესაძლებლობას მისცემს ტრენინგის მონაწილეებს, თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად უფრო თვალსაჩინოდ და დეტალურად გაეცნონ სისტემის თავისებურებებს, ასევე ვიდეომასალაზე დაყრდნობით მოახდინონ შესაძლო პრობლემების გააზრება. აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს სასწავლო ცენტრში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. ფილმის ჩვენებას დაესწრება შემოქმედებითი ჯგუფი", - აცხადებენ სასწავლო ცენტრში.
კონფერენცია "ქორთიარდ მარიოტში" 11:00 საათზე დაიწყება.