გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სავაჭრო და გასართობი ცენტრის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სავაჭრო და გასართობი ცენტრის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა კომპანია CBB Development-ის გენერალურ დირექტორს თომას გიზართან ერთად, ახალი სავაჭრო და გასართობი ცენტრის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

ახალი სავაჭრო და გასართობი ცენტრი კახეთის გზატკეცილზე შენდება და ის 18 ჰექტარ მიწის გართობზე განთავსდება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, შენობის საერთო ფართობი 65 000 კვადრატული მეტრი იქნება, ხოლო ინვესტიციის მოცულობა 60 000 000 დოლარს შეადგენს.

პროექტს ბრიტანული საინვესტიციო კომპანია Hub Capital ახორციელებს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული საინვესტიციო ფონდის აქტივები 1.3 მილიარდ დოლარს შეადგენს და უმნიშვნელოვანესია, როდესაც ქვეყანაში ასეთი ინვესტორი შემოდის.

"ამ ტიპის ინვესტორებს მოჰყვებიან სხვა ინვესტორებიც. ჩვენთვის აეროპორტის მიმართულების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პროცესში ამ ტიპის ობიექტის აშენებას დიდი როლი ექნება. ვფიქრობთ, ეს დასასვენებელი და სავაჭრო ცენტრი იქნება მნიშვნელოვანი ობიექტი არა მხოლოდ თბილისელების, არამედ ტურისტების დასვენებისა და გართობისთვის. ცენტრი 65 000 კვადრატულ მეტრზე შენდება, შემდეგ ეტაპზე კი, ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია სამვარსკვლავიანი სასტუმროების აშენებაც. ჩვენ ინვესტორებს მაქსიმალური ხელშეწყობა აღვუთქვით, რომ პროექტი შემჭიდროვებულ ვადებში დასრულდეს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ახალი სავაჭრო და გასართობი ცენტრის მშენებლობის დასრულებას ინვესტორი 2014 წლის სექტემბერში გეგმავს. კომპანიის გათვლებით, ცენტრი 2000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.

ახალ სავაჭრო ცენტრში ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდების 200-მდე სხვადასხვა მაღაზია განთავსდება. ასევე იგეგმება ჰიპერმარკეტების, ელექტრონიკის ცენტრის, ავეჯის, სწრაფი კვების ობიექტების, ბავშვთა გასართობი ცენტრის, ბოულინგის, საბილიარდოს და რამდენიმე კინოდარბაზის მშენებლობა.

პროექტის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანიაც დაესწრო.