ნინო ბურჯანაძე:   გივი თარგამაძის განცხადებები სამარცხვინოა

ნინო ბურჯანაძე: გივი თარგამაძის განცხადებები სამარცხვინოა

"დემოკრატიული მოძრაობა" პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან მიმართებაში საპარლამენტო უმცირესობის, წევრის გივი თარგამაძის განცხადებას ეხმაურება და მას "სამარცხვინოს" უწოდებს. 

როგორც თარგამაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას "დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახურის უფროსმა ბაკურ ბაკურაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გივი თარგამაძეს საქართველოს მოღალატეობაზე საუბრის უფლება არ აქვს, რადგან აგვისტოს ომის დროს რუს მფრინავებთან გორის დაბომბვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებდა.

"იქამდე, ვიდრე ეგონა, რომ 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მისი და მისი დამნაშავე თანაპარტიელების პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა, გივი თარგამაძე სოროსში იყო ვირთხასავით შემძვრალი, ხოლო, მას შემდეგ, რაც კოჰაბიტაციის პროცესით გაერთო "ქართული ოცნება" და ამის ფონზე "ნაციონალურ მოძრაობას" გათეთრება-გარეცხვა-გაპრიალების შანსი და პერსპექტივა მიეცა, გამოვიდა და ჩვეულ სისულეებს ლაპარაკობს. სამარცხვინოა, რომ გივი თარგამაძე აკეთებს ასეთ განცხადებებს. ადამიანი, რომელიც უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელობის დროს, აგვისტოს ომის პერიოდში, რუს მფრინავებთან გორის დაბომბვასთან დაკავშირებით აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ამაში ფულის გადახდასაც აპირებდა. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, გივი თარგამაძისგან განსხვავებით, ის არა გენერალ ბორისოვს და მაიორებს ეკონტაქტება, არამედ უშუალოდ ქვეყნის პირველ პირებს", - განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.

მისივე განმარტებით, გივი თარგამაძის მიერ ნინო ბურჯანაძის ფაქტორზე აპელირება "დემოკრატიული მოძრაობისთვის" აბსოლუტურად გასაგებია.

"გივი თარგამაძეს ეშინია, რადგან ძალიან დიდი ალბათობა არსებობს, ნინო ბურჯანაძე საქართველოს მომავალი პრეზიდენტი გახდეს. ასეთ შემთხვევაში, მან და მისმა თანაგუნდელებმა იციან, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ყველანაირი კოჰაბიტაცია დასრულდება და ერთ-ერთ პირველი სწორედ გივი თარგანაძე მიიღებს იმ სასჯელს, რასაც სამართლიანი და არა კუბლაშვილის სასამართლოს მიერ იმსახურებს", - აღნიშნა ბაკურაძემ.

გივი თარგამაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას აცხადებს, რომ უხაროდა, როცა უღებდნენ და უსმენდნენ ქვეყნის ისეთ მტრებს, როგორიც ნინო ბურჯანაძეა.

"რომ მცოდნოდა, ვინმე მიღებდა, ხომ მოვკლავდი, მაგრამ ნინო ბურჯანაძეს რომ უღებდნენ, უსმენდნენ და ყველაფერს რომ შვრებოდნენ, მიხაროდა. ეს ხალხი ქვეყნის მტერია, ბურჯანაძის რეიტინგით ბორისოვიც კი დაინტერესდა გორში ყოფნისას. როცა ამდენი მოღალატე გყავს ქვეყანაში, მთავრობაშიც და სამღვდელოებაშიც, ეს საფრთხე არ არის?", - აღნიშნავს თარგამაძე.