გივი თარგამაძე:   ნინო ბურჯანაძეს რომ უღებდნენ, უსმენდნენ და ყველაფერს რომ შვრებოდნენ, მიხაროდა

გივი თარგამაძე: ნინო ბურჯანაძეს რომ უღებდნენ, უსმენდნენ და ყველაფერს რომ შვრებოდნენ, მიხაროდა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, გივი თარგამაძის შეფასებით, ციხის სკანდალური ვიდეოფირი "დადგმული იყო" და ყველაფერი მეგის ქარდავამ და მისმა ჯგუფმა გააკეთეს. 

"ეს იყო ერთი ჯგუფის ავადმყოფ თავში დაბადებული სისასტიკე და არა სისტემური პრობლემა. ბოლო ორი ჩანაწერი და ციხის ვიდეოფირი განსხვავდება. ციხის ვიდეოფირი არადამაჯერებელი, დადგმული იყო. ყველაფერი მეგის ქარდავამ და მისმა ჯგუფმა გააკეთეს. როცა ქარდავა ციხეში მუშაობდა, ბაჩო ახალაიამ სისასტიკის გამო გაათავისუფლა. ჩვენი დანაშაულია, რომ ისევ სისტემაში დავაბრუნეთ", - აცხადებს გივი თარგამაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებს, დეპუტატის თქმით, მას უხაროდა, რომ უღებდნენ და უსმენდნენ ქვეყნის ისეთ მტრებს, როგორიც ნინო ბურჯანაძეა.

"რომ მცოდნოდა, ვინმე მიღებდა, ხომ მოვკლავდი, მაგრამ ნინო ბურჯანაძეს რომ უღებდნენ, უსმენდნენ და ყველაფერს რომ შვრებოდნენ, მიხაროდა. ეს ხალხი ქვეყნის მტერია, ბურჯანაძის რეიტინგით ბორისოვიც კი დაინტერესდა გორში ყოფნისას. როცა ამდენი მოღალატე გყავს ქვეყანაში, მთავრობაშიც და სამღვდელოებაშიც, ეს საფრთხე არ არის?", - აღნიშნავს თარგამაძე.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, "სამღვდელოებაში" ის პატრიარქსაც გულისხმობს თუ არა, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, რომ არ მოსწონს პატრიარქის რუსეთში ვიზიტი.

"ვაცხადებ, არ მომწონს პატრიარქის ვიზიტი რუსეთში. ეს მძიმე საყურებელია. ჩვენი ქვეყნის დაუძინებელ მტერთან დიალოგის დაწყებას რომ ცდილობენ, ეს მაშინებს", - აცხადებს გივი თარგამაძე.