რიჩარდ ნორლანდი - არა მგონია, რაიმე გამართლება ჰქონდეს სუვერენული ტერიტორიის არალეგალურ ოკუპირებას

რიჩარდ ნორლანდი - არა მგონია, რაიმე გამართლება ჰქონდეს სუვერენული ტერიტორიის არალეგალურ ოკუპირებას

არა მგონია, რაიმე გამართლება ჰქონდეს სუვერენული ტერიტორიის არალეგალურ ოკუპირებას, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც რუსეთის პრემიერ-მინისტრი მედვედევის მიერ გუშინ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
აშშ-ის ელჩის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ძალიან ბევრი კვლევა და ანალიზი ჩატარდა და ყველა აღიარებს, რომ შეცდომები ყველა მხარის მიერ იქნა დაშვებული.
ელჩის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად არის ჩართული პროცესებში, რომ გონივრულად მოხდეს ამ საკითხის მოგვარება.

"ჩვენი ყურადღება მიმართულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული ასსპექტები, რომ ადამიანებმა ადმინისტრაციული საზღვარი დაბრკოლების გარეშე გადალახონ. არა მგონია, თანამედროვე სახელმწიფოში ბერლინის კედლისთვის იყოს ადგილი", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან ცოტა რამ თუ იცოდა მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე, გაეღვივებინა კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, მაგრამ "ორმაგი პოზიცია" დაიჭირა.

მისი თქმით, აღნიშნულ კონფლიქტში აშშ-მ "ორმაგი პოზიცია" დაიკავა, რაც სავარაუდოდ, დიდი იმედგაცრუება იყო საქართველოში "ზოგიერთი ჭკუის კოლოფისთვის".
მედვედევის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერ პრეზიდენტს კარგად ესმის, რომ რუსეთთან კონფლიქტი არ შეიძლება.

"იქ იყვნენ ცხელი თავები, ჩვენთვის ეს ცნობილია, მაგრამ ვფიქრობ, იყო ცივი განხილვები, რომ ამას შეიძლება სერიოზული კონფლიქტი მოჰყოლოდა. ეს კი არავის არ სჭირდება", -განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კონფლიქტის შედეგად რუსეთმა მოახერხა, არ მოსვლოდა უკმაყოფილება მთელ სამყაროსთან, რაც, მისი თქმით, რუსეთისთვის უკიდურესად არამომგებიანი იქნებოდა.

"რუსეთს რომ არაპროპორციული ძალა გამოეყენებინა, ან პირიქით, საერთოდ არ გამოეყენებინა, ყველაფერი შესაძლოა სხვანაირად ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების და სამშვიდოებოების წინააღმდეგ აგრესია განხორციელდა, 5 დღეში აღვკვეთეთ ეს კონფლიქტი. მკაცრად, მაგრამ, ჩემი აზრით, სამართლიანად"-განაცხადა მედვედევმა.