არჩილ კბილაშვილი - პროკურატურის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება სწორია

არჩილ კბილაშვილი - პროკურატურის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება სწორია

პროკურატურის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება სწორი, მაგრამ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა კანონზომიერია, - ამის შესახებ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.

მისივე განმარტებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1-ელ ოქტომბრამდე პროკურატურაში "სამართლის ნიშანწყალი არ იყო" და გვესმოდეს, რომ "უცებ ვერ მოვრჩებით".

"კრიტიკა ნორმალურია და მისთვის მზად უნდა იყო. ადამიანმა უნდა შეძლოს ყველა არასასურველ კითხვაზე რეაგირება. პროკურატურის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება სწორია, მაგრამ აქვე დავძენ, რომ პროკურატურის ამჟამინდელი მდგომარეობა კანონზომიერია. მოქალაქეები სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ და როცა ეს ნელა მიმდინარეობს, ემოციას წარმოშობს. ზოგ შემთხვევაში კი სასამართლოს გადაწყვეტილებაა ისეთი, რაც მათ მოლოდინს არ შეეესაბამება და ესეც ემოციას იწვევს. პროკურატურასთან ასევე აქვთ პრეტენზია, რატომ მუშაობენ ძველი პროკურორებიო. ყველა პრეტენზია სწორია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1-ელ ოქტომბრამდე სამართლის ნიშანწყალი არ იყო და ტოტალური ძალადობა სუფევდა, ყველაზე დიდი ძალადობა პროკურატურის ხელით ხდებოდა. რადგან ასეთი ნიშნულიდან დავიწყეთ განვითარება, სწორედ ამიტომ ვართ ასეთ ვითარებაში. ადამიანს, როცა წითელა აქვს, მის გამოჯანმრთელებას 21 დღე სჭირდება. ავადმყოფობის მეათე დღეს გამონაყარი ექნება და ლამაზი ვერ იქნება. არ ვამბობთ, რომ მოგვწონს გამონაყარი, მაგრამ ავადმყოფობის მეათე დღეს ეს კანონზომიერია. უცებ ვერ მოვრჩებით", - აცხადებს კბილაშვილი.
ამასთან, მთავარი პროკურორის განმარტებით, სწრაფად დანაშაული ხდება, მართლმსაჯულება კი სწრაფად ვერ განხორციელდება.

"ყველა პოლიციელსა და პროკურორს ვერ გავყრით. მთავარია, გენერატორები უკვე ჩამოცილებული არიან თანამდებობას", - აღნიშნავს მთავარი პროკურორი.

რაც შეეხება უშუალოდ ბაჩო ახალაიას გამამართლებელ განაჩენს, კბილაშვილის თქმით, ეს იყო პროკურატურის მიერ ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული საქმე, რომელშიც ათეულობით მოწმის ჩვენება არსებობდა.

"პროკურორების მომზადება იყო ძალიან მაღალი, როგორც ინტელექტუალური დონით, ისე საქმის ცოდნით, მაგრამ მაინც დადგა არაადეკვატური შედეგი. ბრალდება იყო დასაბუთებული და სამართლიანი. ეს შემთხვევა ნამდვილად არ იყო პროკურატურის სისუსტის გამოვლინება. 2 კვირაში ვნახავ განაჩენის დასაბუთებას და აქედან გამომდინარე ვიტყვი, ის სამართლიანი იყო თუ უსამართლო. რადგან პროკურატურა მომზადებული იყო და მაინც ეს შედეგი დადგა, ბევრს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ სასამართლო საბოტაჟს აწყობს", - განმარტავს არჩილ კბილაშვილი.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად იყო შესაძლებლობა, რომ ბაჩო ახალაიას გამამტყუნებელ განაჩენს პრეზიდენტის შეწყალება მოჰყვებოდა, მთავარი პროკურორის შეფასებით, "ამ მოსაზრებაში ლოგიკა არსებობს".