ქსნის მე-15 დაწესებულებაში დღეს პატიმრები შიმშილობის დაწყებას აპირებენ

ქსნის მე-15 დაწესებულებაში დღეს პატიმრები შიმშილობის დაწყებას აპირებენ

ქსნის მე-15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეიდან პატიმრები შიმშილობის დაწყებას და პირის ამოკერვას აპირებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქსნის მე-15 დაწესებულებიდან აცნობეს . მათი ინფორმაციით, მსგავსი სახის პროტესტის დაწყება პატიმრების მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობაა.

"ჩვენ მოვითხოვთ, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლდნენ პატიმრები, რომლებსაც რეალურად ეკუთვნით ეს. პირობით ვადამდე გათავისუფლება ბევრ ისეთ პატიმარს არ ეხება, რომელსაც საკუთარი საქმეები რამდენჯერმე აქვთ გადაგზავნილი შესაბამის კომისიაში და მათ საქმეებში არანაირი დარღვევა არ არის, თუმცა ასე არ ხდება. ასევე მოვითხოვთ, რომ გაგვიუქმდეს შეკრებითობა, რადგან ამას კანონი მოითხოვს. კანონში შევიდა ცვლილება, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეს ნორმა უნდა მოიხსნას პატიმრების მიმართ. შეკრებითობის გაუქმებაც და პირობით ვადამდე გათავისუფლებაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ხელისუფლების ნაცნობებს ეხება ხოლმე. თუ ამაზე დღესვე რაიმე სახის რეაგირება არ იქნება, ხვალიდან შიმშილობას და პირის ამოკერვას მე-15 დაწესებულებაში მასიური სახე მიეცემა", - განაცხადა პატიმარმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნულ დაწესებულებაში ერთ პატიმარს პირი აქვს ამოკერილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რთულია.

ქსნის #15 დაწესებულებაში ორი პატიმარი შიმშილობდა, მათ შორის ერთმა პირიც ამოიკერა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაწესებულების პატიმრებმა აცნობეს, ისინი მათ საქმეებში დარღვევებს აპროტესტებენ, რის მიუხედავად, სასჯელის შემსუბუქება ან მათი გათავისუფლება არ ხდება.

ერთ-ერთი მსჯავრდებულის ინფორმაციით, მძიმე ავადმყოფებს, მათ შორის მას - შესაბამისი მკურნალობა არ უტარდებათ და ეუბნებიან, რომ მათი შენახვა ძვირი ჯდება.
"ვითხოვთ მედიკამენტების მოწოდებას, რომელიც დანიშნული იქნება ნორმალურ კლინიკაში და არა აქ – "შოფერი" ექიმის მიერ", - აცხადებს პატიმარი.
მისი თქმით, ბევრი პატიმრის, მათ შორის მისი მოთხოვნაა პროკურატურა და სასჯელაღსრულების სამინისტრო დაინტერესდეს პატიმრების გაყალბებული საქმეებით, რომელთა გადახედვა დაპირების მიუხედავად არ ხდება.

"სამჯერ გავუგზავნე წერილი მთავარ პროკურორს, დაინტერესებულიყო ჩემი გაყალბებული საქმით, სადაც წერია, თითქოს ძებნილი ვიყავი, მაშინ როდესაც ბანკთან ოფიციალური ურთიერთობა მქონდა და ვიხდიდი ავტომობილის ჯარიმებს და ჩემთვის საერთოდ არ იყო ცნობილი, მქონდა თუ არა რაიმე ბრალდება წაყენებული. გარდა ამისა, ჩემს საქმეში უამრავი დარღვევაა, თუმცა პროკურატურიდან არანაირი პასუხი ამ დრომდე არ მიმიღია", - განაცხადა მსჯავრდებულმა.
მისი თქმით, 10-ზე მეტი, ქრონიკული დაავადებით, 2012 წლის 20 აპრილის შემდეგ დაავადდა, მას შემდეგ რაც დააკავეს და დაწესებულებაში ეუბნებიან, რომ მისი მკურნალობა ძვირი ჯდება.
"ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთ მოშიმშილესაც ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი ეპილეფსიით, ვირუსული ჰეპატიტით და სხვა მძიმე დაავადებებით არის დაავადებული, თუმცა სასჯელს არ უვადებენ.