ზურაბ აბაშიძე - აგვისტოს ომის შეფასებაში ჩვენ რუსეთთან ეტყობა, დიდ ხანს ვერ შევთანხმდებით

ზურაბ აბაშიძე - აგვისტოს ომის შეფასებაში ჩვენ რუსეთთან ეტყობა, დიდ ხანს ვერ შევთანხმდებით

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებაში ჩვენ რუსეთთან ეტყობა დიდ ხანს ვერ შევთანხმდებით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

როგორც ზურაბ აბაშიძემ დიმიტრი მედვედევის 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა, საქართველო მსხვერპლი გახდა რუსეთის აგრესიის, თუმცა საქართველოს მხრიდანაც იქნა უმძიმესი, დრამატული შეცდომები.

"2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებაში ჩვენ რუსეთთან ეტყობა ვერ შევთანხმდებით კარგა ხანს, ისევე როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, ყოველ შემთხვევაში მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ შეთანხმდება. ზოგადად, ამ მოვლენებს, ყველაზე ობიექტური შეფასება მიეცა ე.წ. ტალიავინის კომისიის დასკვნაში. იქ, ჩემი აზრით, ობიექტურად არის ყველაფერი გაანალიზებული, ამ ომის ისტორიული ფესვები, მიზეზები, მოვლენათა განვითარება, კულმინაცია და ასევე, კონფლიქტის მონაწილე მხარეების პასუხსმიგებლობაც არის საკმაოდ სწორად განსაზღვრული. ჩემი აზრიც ის არის, რომ საქართველო მსხვერპლი გახდა რუსეთის აგრესიის, მაგრამ ჩვენი მხრიდანაც დაშვებული იქნა უმძიმესი, დრამატული შეცდომები, რამაც მიგვიყვანა იქ სადაც დღეს ვართ. ვართ იქ, რომ ნაწილი ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებულია, რუსეთმა აღიარა დამოუკიდებლობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის. ამით შეიქმნა ისეთი სამართლებრივი მოჯადოებული წრე, საიდანაც გამოსავალი ჯერ არსად ჩანს", - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად ომიდან გამოწვეული შედეგებისა, საქართველო-რუსეთს შორის არსებული ჩიხური ვითარება, როგორმე უნდა გადაილახოს.
"ომს მოყვა უმძიმესი შედეგები, მსხვერპლი, ეკონომიკური ზარალი, ლტოლვილები, მძიმე პოლიტიკური შედეგები. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტრაგიკული ფურცელია ჩვენს უახლოეს ისტორიაში, ჩვენ მაინც უნდა შევეცადოთ, რომ წინ ვიყუროთ, ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, რათა შეძლებისდაგვარად გადავლახოთ ეს ჩიხური ვითარება, ნელ-ნელა გამოვიდეთ აქედან და ნაბიჯ-ნაბიჯ შევეცადოთ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას. ჩვენ ეს დიალოგი დავიწყეთ შარშან, პირველი ეტაპისთვის განვსაზღვრეთ პრაქტიკული პრობლემების მოგვარება. შემდგომ ეტაპზე ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა უფრო რთულ საკითხებზე", - განაცხადა აბაშიძემ.

რაც შეეხება მედვედევის განცხადებას, რომ ის ივანიშვილის მიერ სააკაშვილის ომის გაღვივებაში დადანაშაულებას "ვაჟკაცურ სიტყვებს" უწოდებს, როგორც აბაშიძემ განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მსგავსი შეფასება არ გაუკეთებია.

"ივანიშვილს ასეთი შეფასება არ გაუკეთებია. ის ყოველთვის საუბრობს იმ შეცდომებზე, იმ უმძიმეს შეცდომებზე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა, მაგრამ ის, რომ 2008 წლის ომის ტრაგედიას მთლიანად სააკაშვილს და საქართველოს იმ დროინდელ ხელისუფლებას აბრალებდეს, ეგეთი რამე არ ყოფილა", - აღნიშნა აბაშიძემ.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა ღუსსია თოდაყ–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიზანი არც თბილისზე შტურმი იყო და არც მიხეილ სააკაშვილის დასჯა. მისივე თქმით, იმის მიზეზი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ დასჯილა, საერთაშორისო ინსტიტუტების არასრულყოფილებაა.

ინტერვიუში დიმიტრი მედვედევი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია, ვაჟკაცურს უწოდებსდა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს ეკისრება, მაღალ შეფასებას აძლევს.
"საკმარისია გავიხსენოთ, რა თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მან ხომ სიმართლე თქვა: "ეს თქვენ, სააკაშვილო, მოახდინეთ ყველაფრის პროვოცირება და გააღვივეთ კონფლიქტი". ალბათ, მისთვის რთული იყო ამის თქმა, თუმცა ეს ვაჟკაცური სიტყვებია", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა ღუსსია თოდაყ–სთან ინტერვიუში.