სალომე ზურაბიშვილი:  დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა წინაპირობებით არ იწყება

სალომე ზურაბიშვილი: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა წინაპირობებით არ იწყება

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა წინაპირობებით არ იწყება, - ასე ეხმაურება "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე, სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე დიმიტრი მედვედევის განცხადებას. 

ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე ასეთი განცხადება კამპანიაში პირდაპირ ჩარევად აღიქმება.

"დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა წინაპირობებით არ იწყება, (რაც არ უნდა იყოს მ.სააკაშვილის პასუხისმგებლობა საომარ მოქმედებებზე ცხინვალის მიმართ და არა თვითონ რუსეთის მიმართ!!) მეტადრე წინაპირობების დასმით იმ მხარისგან, რომელიც საქართველოს ევლინება, როგორც მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შემლახველი და ოკუპანტი. ასე თუ მივყვებით, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლის აღიარებაც და რომელზეც ბოდიშის მოხდა რუსეთს მოუწევს - უსაფუძვლოდ შემოჭრა კოდორის ხეობაში, რომ არაფერი ვთქვათ, 90-იანი წლების აფხაზეთში გაჩაღებულ გამოუცხადებელ ომსა და 9 აპრილზე და იმ საბჭოთა მემკვიდრეობაზე, რომელიც რუსეთის პასუხისმგებლობაზეა... ხომ ნათელია, რომ ეს შორს წაგვიყვანს და რომ დიპლომატიური ურთიერთობა ვერ აღდგება "ანგარიშსწორებით"?!", - აცხადებს ზურაბიშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის შეფასებით, დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღდგეს პრაგმატულ საწყისებზე და ურთიერთ ინტერესების საფუძველზე.

"ასეთი მოთხოვნები პირიქით, ამძიმებს ფონს... წარსულს აყენებს წინა პლანზე და ხელს უშლის დღევანდელ პრობლემე ბზე საღ მჯელობას. ამავდროულად, ასეთი განცხადება, გაკეთებული 8 აგვისტოს თარიღამდე, როცა საქართველოში დაწყებულია საარჩევნო კამპანია, აღიქმება ამ კამპანიაში პირდაპირ ჩარევად ამ ყველაზე მტკივნეული საკითხის შემოყვანით და ხელს შეუწყობს ცალკეულ ძალებს, დაიწყონ რუსული თემებით მანიპულირება. თუ კონსტრუქციული მიდგომის სურვილი მართლაც არსებობს აჯობებდა, რომ ასეთი განცხადებები გაკეთებული ყოფილიყო არჩევნების შემდეგ, (როდესაც მ. სააკაშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი) ვიდრე არჩევნებამდე", - აცხადებს ზურაბიშვილი.

რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს იმ პირობით, თუ საქართველო 2008 წლის აგვისტოში მომხდარ ფაქტს აღიარებს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა ღუსსია თოდაყ–სთან ინტერვიუში განაცხადა.

"შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციას არ გაუწყვეტია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები. ჩვენ მზად ვართ მის აღსადგენად გარკვეული პირობების შემთხვევაში. ეს მარტივია - აღიარება იმ ფაქტის, რაც მოხდა. შესაძლოა ეს პროცესი წავიდეს აკურატული, რთული გზით, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ წარსულში დაბრუნება არ მოხდება. ამით ბოლო წლებში ყველაზე სამწუხარო ფურცელი ჩვენ ურთიერთობებში გადაიშლება და წავა მიხეილ სააკაშვილის და რამდენიმე პირის პოლიტიკური არენიდან გაქრობასთან ერთად",-განაცხადა მედვედევმა.