იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე აღსრულების პროცესის შეჩერებას პარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაუბრუნდება

იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე აღსრულების პროცესის შეჩერებას პარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაუბრუნდება

იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების პროცესის შეჩერების საკითხს საპარლამენტო უმრავლესობა, სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის მიუბრუნდება. 

როგორც ცნობილია, "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონსა და მასთან დაკავშირებულ სხვა კანონებში დაგეგმილია ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, იპოთეკით და სასესხო ვალდებულებებით დატვირთულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სააღსრულებო საქმეებზე, აღსრულების პროცესი ექვსი თვით – 1 თებერვლამდე ჩერდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით გასულ კვირას მიიღო, თუმცა, ერთის მხრივ, მთავრობის და ასევე, საბანკო სექტორის კრიტიკული პოზიციის გამო, განხილვის პროცესი შეჩერდა.

არსებული ინფორმაციით, კანონპროექტის განხილვას პარლამენტი მომავალი კვირისთვის დაგეგმილ რიგგარეშე სესიის ფარგლებში მიუბრუნდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ტიპის კორექტირება შეიძლება განხორციელდეს ინიცირებულ კანონპროექტში და რა ოპტიმალურ ვარიანტზე შეიძლება შეთანხმდნენ მხარეები. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, ამასთან დაკავშირებით მისთვის რაიმე ახალი ჯერ ცნობილი არ არის.

ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, რაზეც უმრავლესობის წევრები საუბრობენ, 6-თვიანი მორატორიუმი შესაძლოა, ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ შეეხოს.