გია ვოლსკი:   სამშვიდობო პროცესი სააკაშვილმა დაანგრია

გია ვოლსკი: სამშვიდობო პროცესი სააკაშვილმა დაანგრია

სამშვიდობო პროცესი დაანგრია სააკაშვილმა და ეს ტერიტორიები ოკუპირებული არ იქნებოდა, რომ არა მისი უმძიმესი და დრამატული შეცდომები, - ამის შესახებ ტერიტორიული მთლაინობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკიმ განაცხადა. 

ვოლსკი საქართველოსთან დაკავშირებით მედვედევის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, დილიდან უამრავი განცხადება და ინტერპრეტაცია ისმის, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომლის წევრებიც ზუსტად იმას ამბობენ, რაც მოსალოდნელი იყო. მისივე თქმით, საინტერესოა, მედვედევიც ისეთ დროს აკეთებს განცხადებებს და შეფასებებს, რომ რაღაც მაშველი რგოლივით გადმოუგდებს ოპონენტებს სხვადასხვა განცხადებებს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, რუსეთს ეს პოზიცია ეჭირა 2006 წელს, უსაფრთხოების კოცეფციაშიც, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მისი პოზიციები სამხრეთ კავკასიაში არის მისი სტრატეგიული ინტერესის ადგილი და იგი ამ ადგილებს არ დათმობს.

"საქმე იმაშია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და სააკაშვილი ცდილობს გააუბრალოოს ეს საკითხი - ომი დაიწყო რუსეთმა თუ საქართველომ, ეს საერთოდ საკითხი არ არის. ყველაზე კარგი განმარტება ამაზე, ალბათ, ომის შემდგომ პერიოდში ჰქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელმაც თქვა, რომ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები მოჰყვა ცხინვალის დაბომბვას. სწორი განმარტებები გააკეთა რაისმა თავის მემუარებშიც, რომელიც იყო ამერიკის და დასავლეთ ევროპის ყოველდღიური გაფრთხილების მიუხედავად, გადადგმული სწორედ სააკაშვილის მიერ", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, სამშვიდობო პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა, დასავლეთის მხარდაჭერით, რუსეთის, ნებსით თუ უნებლიეთ, კონსტრუქციული მონაწილეობით, რადგან მთელ მსოფლიოსთან დაპირისპირება არ სურდა და მას ჰქონდა მხოლოდ ერთი შესაძლებლობა სამშვიდობო პროცესი დაენგრია და განეხორციელებინა ის, რაც უწერია კონცეფციაში. მისი თქმით, სამშვიდობო პროცესი დაანგრია სწორედ სააკაშვილმა.

"მედვედევმა თქვა ასე, პუტინმა თუ სხვამ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს რეალობას, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებული არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო დრამატული უმძიმესი შეცდომები, რომელიც სააკაშვილმა დაუშვა", - აღნიშნა ვოლსკიმ.